პოლიტიკურ სპექტრს რომ ვუყურებ, ბავშვობაში გაჭედილ ზრდასრულებთან გვაქვს საქმე. უბრალოდ დგანან და ფეხებს აბაკუნებენ – ამის შესახებ “ტაბულას დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რამაც საზოგადოებაში უნდობლობა გამოიწვია.
“ხშირად მახსენდება მერაბ მამარდაშვილის სიტყვები: საზოგადოება სავსეა ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. ახლა, რომ ვუყურებ პოლიტიკურ სპექტრს, ბავშვობაში გაჭედილ ზრდასრულებთან გვაქვს საქმე. ალბათ, ბავშვი გინახავთ, რომელიც რეალობას არ იღებს და ფეხებს აბაკუნებს. დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენ ვხედავთ უამრავ პოლიტიკოსს, რომელიც დგას და უბრალოდ ფეხებს აბაკუნებს. უნდა რომ ხალხმა ისე გააკეთოს, როგორც თვითონ უნდა, ის პრიორიტეტები ჰქონდეს ხალხსაც, რაც მათ აქვთ, იგივე პერსპექტივიდან უყურებდნენ ყველაფერს, როგორც თვითონ უყურებენ და ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ხდება არა ფეხების ბაკუნით, არამედ ამ ადამიანების დარწმუნებით და ამ ადამიანების დარწმუნებით არა მხოლოდ იმაში, რომ სააკაშვილი არის გამოსაშვები, არამედ სხვა თემებშიც უნდა გენდობოდეს ის ხალხი შენ. ამისთვის არის მნიშვნელოვანი სიმართლე. ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი წლის განმავლობაში, რაც სააკაშვილზე გვესმოდა, ასე უნდობლობით არ გამსჭვალულიყო. იმიტომ, რომ გვესმოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. მგელი, მგელის ხშირად რომ ყვირიხარ, ადამიანები ნაკლებად რეაგირებენ”, – განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილმა.