ვიქტორია ნულანდი – აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 37 მილიარდი სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის მხარდასაჭერად, დამატებით, 37 მილიარდი დოლარი სთხოვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

„სულ ახლახან, პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმართა კონგრესს, რათა უკრაინა არა მხოლოდ გადაურჩეს ამ განსაცდელებს, არამედ განვითარდეს, როგორც სუვერენული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა“, – აღნიშნა მან.

ვიქტორია ნულანდის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დამარცხდება, მსოფლიო გახდება “უფრო საშიში”.

მანამდე ნატოს გენერალურის მდივნის თანაშემწემ დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში, დევიდ ქეთლერმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხისთვის ტანჯვის გამოწვევას, მაგრამ, სინამდვილეში, ასახავს რუსეთის სამხედრო სისუსტეს და მხოლოდ მტრის მიმართ სიძულვილს აღძრავს უკრაინელებს შორის.