წაქცეულ ადამიანზე რომ ასე ქილიკობ, დასცინი, მგონია, რომ ყველაზე მდაბიო საქციელია. ახლა რომ გამოვიდე და ვთქვა, ახია, რაც მის თავს ხდება, ხომ ვიქნები სულმდაბალი, პატარა ადამიანი? – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ მმართველი პარტიის ლიდერების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
„უბრალოდ, პოლიტიკური დღის წესრიგია, პერსონალური შურისძიება რატომ არ არის იცით? – კობახიძეს რატომ უნდა ეჯავრებოდეს სააკაშვილი? რამე დაუშავა მას? კობახიძეც, მდინარაძეც, მათიკაშვილიც, ესენი ყველა ძალიან სასათბურე პირობებში იყვნენ, ქუჩაში კი არ იდგნენ და ებრძოდნენ სააკაშვილს. თქვენ გგონიათ რომელიმე გაბედავდა იმ პერიოდში ხმის ამოღებას, ახლა რომ ასე ლაპარაკობენ? წაქცეულ ადამიანზე რომ ასე ქილიკობ, დასცინი, მგონია, რომ ყველაზე მდაბიო საქციელია. ახლა რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ ახია, რაც მის თავს ხდება, ხომ ვიქნები სულმდაბალი და პატარა ადამიანი? – მაშინ იყო ამის გაბედვა რთული, ქუჩებში რომ ვიდექი და ტყვიებს გვესროდა და არ ვიცოდით ცოცხლები დავბრუნდებოდით თუ არა სახლში, თორემ ახლა რომ დგახარ თანამდებობიდან, სასათბურე პირობიდან, დაცვით რომ დადიხარ პარლამენტში, პარლამენტში რომ დაცვით დადის საშინელებაა, დაანებოს თავი იმ დაცვას, პარლამენტში ვის გაუგია დაცვით სიარული, იქიდან რომ ელაპარაკები ამ ავადმყოფ სააკაშვილს, რა ვაჟკაცობაა ეს? დღეს არ მინდა, რომ მას პოლიტიკური შურისძიებით მოექცნენ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექცევი შურისძიებით? გადაიყვანონ იმ საავადმყოფოში, რასაც ექიმები ეუბნებიან. მოსამართლე რომ ვიყო, გადავწყვეტდი, შევაჩერებდი პროცესს, უზრუნველვყოფდი მის გამოჯანმრთელებას და შემდეგ მივიყვანდი მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.