კობა ნაყოფია: გაკვირვებული ვარ კოლეგების სიჩქარით

გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით. ვფიქრობ, ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს კონსულტაციების შედეგად მოხდებოდა, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა, რომ ერთიანად შეთანხმებულიყვნენ პოლიტსაბჭოს თარიღზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბერს, 15:00 საათზე.

„უკრაინაში დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია საქართველოსთან მიმართებაში ერთი მთავარი საკითხით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაკვირვებული ვარ, ჩვენი კოლეგების სიჩქარით. მოგეხსენებათ, რომ დღეს გაიმართა ბრიფინგი ჩვენი კოლეგისა და თანამებრძოლის იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა. ვფიქრობ, ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს კონსულტაციების შედეგად მოხდებოდა, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა, რომ ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე. ყველაზე მარტივი იქნებოდა ტელეფონის ზარი. მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბერს, 15:00 საათზე“, – განაცხადა ნაყოფიამ.

ლევან ბეჟაშვილმა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თხოვნით მიმართეს, რომ საბჭოს სხდომა უმოკლეს ვადაში ჩაინიშნოს.

პოლიტსაბჭოს წევრები 11 დეკემებერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.