ლევან ხაბეიშვილი : ჩემდა სამწუხაროდ მელია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ ალბათ, კარის გაჯახუნება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  მელია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც გუნდის დაყოფა და შემდეგ ალბათ, კარის გაჯახუნება სურს.

„პარტიის თავმჯდომარის არჩევნების გაჯანჯლებას ჩვენ არ მივესალმებით. კარგია, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა 11 დეკემბერს. მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში. არც ფარდის უკან არ ვეძებთ ვინმეს და არც არავის მხილებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ვამხელთ, ეს არის რუსი ოლიგარქი  და მისი კრიმინალური ხელისუფლება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაყოს, დაანაწევროს, მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას. ამიტომ, ჩვენ ვართ ადამიანები, მე და ჩემი თანამებრძოლები, ვისაც გვინდა პარტიის გაძლიერება. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა  და შემდეგ ალბათ, კარის გაჯახუნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მორჩეს სწრაფად, რომ პარტიამ სტაბილურად, მობილიზება დაიწყოს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან ხაბეიშვილი.