შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე: შეიძლება უბრალოდ მოვკვდე აქ და მერე გინდა ააცილეთ და რაც გინდა ის ქენითო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ დღეს მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დახვდა.

„ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია სრულად, ვერ დადის. ბოლოს პროცესი რომ იყო, იმის მეორე დღეს ვნახე, ძალიან ცუდი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა, ამის წინააღმდეგი არც არასდროს ვყოფილვართ, უბრალოდ, მოვითხოვე, ექსპერტიზის ჩატარებას ჩვენი ექსპერტები დაესწრონ. ნიმუშები აუღეს – სისხლის და შარდის“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აქციების გამართვის და პოლიტიკური განცხადებების გაკეთების წინააღმდეგია. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი წინააღმდეგი არ არის, თუკი, მისი სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს.

„აქციასთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ადამიანებს ჯანმრთელობის კუთხით სურთ თანაგრძნობა გამოხატონ, ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია, პოლიტიკური განცხადებების, ექსცესების და ა.შ.არევაძესთან დაკავშირებით თქვა, რომ აცილება არ უნდა დავუყენოთ, რადგან აცილება დროის დაკარგვას გამოიწვევს, შეიძლება უბრალოდ მოვკვდე აქ და მერე გინდა ააცილეთ და რაც გინდა ის ქენითო.

„ვივამედის“ ექიმებმაც თქვეს, ბოლო დღეებია ძალიან დამძიმდაო, მიზეზზე რა ვილაპარაკო, 190-გვერდიანი ექსპერტიზის დასკვნაა, მიზეზი არის, რაც წერია ექსპერტიზის დასკვნაში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.