გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომზე, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
გერმანიის მთავრობისა და კრემლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა ვლადიმირ პუტინს უყრაინიდან ჯარების გაყვანისა და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ოლაფ შოლცმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფაში.
თავის მხრივ, პუტინმა შოლცს განუცხადა, რომ უყრაინის ხელისუფლებისთვის შეიარაღების გადაცემით და უყრაინელი სამხედროების წვრთნით, დასავლეთის ქვეყნები დესტრუქციულ როლს თამაშობენ.
პუტინის განცხადებით, უყრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო, კიევი მოლაპარაკებების ყოველგვარ იდეას უარყოფს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უყრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები იყო „გარდაუვალი“ პასუხი კიევის „პროვოკაციულ თავდასხმებზე“.
ამასთან, ორმა ლიდერმა განიხილა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და შეთანხმდნენ, რომ დარჩნენ კონტაქტზე.