უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებსაც გაითვალისწინებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა TF1-სა და LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ [ბაიდენთან] ერთ ხაზზე ვართ – დავეხმაროთ უკრაინელებს წინააღმდეგობა გაწიონ მათი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის ფონზე, ზეწოლა ვიქონიოთ რუსეთზე მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად, უზრუნველვყოთ სამოქალაქო ატომური ენერგეტიკის საკითხებში ესკალაციის არარსებობა და, საბოლოოდ, ვიფიქროთ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთისთვის გარანტიებსაც გაითვალისწინებს”, – თქვა მაკრონმა.
ამავდროულად, მაკრონმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების საკითხი უკრაინელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს.
„თქვენ გგონიათ, რომ ელზასისა და ლოთარინგიის დაპყრობა იმისთვის გადავიტანეთ, რომ გვინდოდეს მსოფლიო ლიდერი გვეუბნებოდეს გავაკეთოთ ესა თუ ის?.. უკრაინელმა ერმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა პირობებში, როგორ, როდის და არა ჩვენ”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება.
მისი თქმით, საფრანგეთი უკრაინას “დამატებით იარაღს” გადასცემს, მაგრამ არა ისეთს, რომელიც “რუსეთის მის ტერიტორიაზე თავდასხმის” საშუალებას იძლევა.