ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დასკვნით სხდომაზე გავრცელდა.
„ვგმობთ რუსეთის 2008 წლის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სამხედრო გზით ოკუპაციის გამო. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში სამხედრო შემოჭრიდან 14 წლის შემდეგ, კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ იმით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია გრძელდება და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების, მათ შორის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის სრული პატივისცემის საფუძველზე”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი გმობს აფხაზეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და ცხინვალში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
„ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენას ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარეში გაერთიანებას. ამის მსგავსად, ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოში, აფხაზეთში, გაგრის რაიონში 180 ჰექტარი მიწის დაკავების გამო. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის ე.წ. „პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების, ასევე სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გამო და ამას უკანონო ანექსიის მცდელობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად ვაფასებთ.
მოვუწოდებთ რუსეთს შეაჩეროს ეს პროცესი. ჩვენ ვგმობთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აფხაზეთის რეგიონში, ასევე ე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას სამხრეთ ოსეთში 2022 წელს და ამას საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად ვაფასებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისკენაც მოუწოდებს.
„აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებას საქმეზე, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, მათ შორის მის დასკვნებს, რომ რუსეთი ახორციელებდა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეფექტურ კონტროლს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მათ შორის, მისი სამხედროების მეშვეობით.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევით აწამებდა ქართველ სამხედრო ტყვეებს; თვითნებურად აკავებდა და ხოცავდა მშვიდობიან მოქალაქეებს და პასუხისმგებელი იყო მათ მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე; ხელი შეუშალა ეთნიკური ქართველების სახლებში დაბრუნებას და ვერ ჩაატარა გამოძიება მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს განაჩენი, მათ შორის, საშუალება მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებას, რომელმაც გასცა დაპატიმრების ორდერი 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გავრცელდა.