მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, თუ მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმისთვის“მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა.
რიშის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადაცემას, ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ სურთ ესკალაცია.
„უკრაინელები ერთი ხელით იბრძვიან და მეორე ხელი ზურგს უკან აქვთ შეკრული. მეზობლად ჰყავთ ქვეყანა, რომელიც მათ მიწაზე შეიჭრა და ომის დანაშაულს სჩადის. ამას გარდა, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად გაანადგუროს უკრაინის გათბობის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა. ჩვენ არ შეგვიძლია დავდგეთ და ამას გვერდიდან ვუყუროთ.
ადმინისტრაციაში არიან ადამიანები – ყველა არა, ზოგიერთები – რომლებიც ამბობენ, “ოჰ, იცით, ჩვენ არ გვინდა ესკალაცია”… ეს სისულელეა. მინდა ყოველ დილით პუტინმა იმაზე ფიქრით გაიღვიძოს, თუ მისმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან ესკალაცია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია.
მე თანახმა ვარ უკრაინას „პეტრიოტები“ მივცეთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, და მე ამას თავიდანვე ვამბობდი, მათ უნდა მივცეთ სამხედრო თვითმფრინავებიც. როდესაც კორეაში და ვიეტნამში ვიბრძოდით, რუსები ჩვენს მტრებს რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავებით ამარაგებდნენ და მათ მფრინავებს წვრთნიდნენ. ვფიქრობ, დროა პატივისცემა დავუბრუნოთ“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.