რუსეთის ჯიბრით – ნაციზმის აღორძინებისკენ?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტმა ნოემბრის დასაწყისში მიიღო რეზოლუცია, რომელიც ნაციზმის განდიდების მცდელობებს გმობს. დოკუმენტს ხმა მისცა 106-მა სახელმწიფომ, წინააღმდეგ – 51-მა, კიდევ 15-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

რეზოლუციის ინიციატორი და ავტორი რუსეთის ფედერაციაა. დოკუმენტში მსოფლიოს სახელმწიფოებს ეძლევათ რეკომენდაცია, „საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სფეროში“ გატარებულ იქნას კონკრეტული ღონისძიებები, რათა აღკვეთილ იქნას მეორე მსოფლიო ომისა და უახლესი ისტორიის გადახედვის მცდელობები, ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების, ადამიანობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების უარყოფა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ გასულ, 2021 წელს, ანალოგიურ დოკუმენტს ხმა მისცა 130-მა სახელმწიფომ, თავი შეიკავა 49-მ, ხოლო მოწინააღმდეგეები აბსოლუტურ უმცირესობაში იყვნენ აშშ-სა და უყრაინის სახით. მიმდინარე წელს, რუსეთის მიერ უყრაინაში გატარებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, რეზოლუციის მხარდამჭერთა და მის მოწინააღმდეგეთა შორის ძალთა განლაგება მნიშვნელოვნად შეიცვალა – როგორც აღვნიშნეთ, მომხრეთა რაოდენობა 106-მდე შემცირდა, ხოლო მოწინააღმდეგეების რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.

გასაგებია, რომ მოწინააღმდეგეთა შორის გაეროს ის წევრები აღმოჩნდნენ, რომლებიც ე. წ. კოლექტიურ დასავლეთს წარმოადგენენ – ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოები. როგორც ჩანს, მათ მიიჩნიეს, რომ ვინაიდან ისინი არ ეთანხმებიან უყრაინაში რუსული ჯარების შეყვანას, მათ რუსეთს ყველაფერში უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა. სამწუხაროდ, მათ ხმა მისცეს რეზოლუციის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ეწოდება „ნაციზმის, ნეონაციზმისა და პრაქტიკის სხვა სახეობების განდიდებასთან ბრძოლა, რომლებიც ხელს უწყობენ რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმების ესკალაციას“. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგეთა შორის, დასავლეთს ადევნებული საქართველოც ვიხილეთ. არადა, რეზოლუციაში ზოგადად არაფერია ისეთი, რაც მიუღებელია საქართველოს ინტერესებისთვის, ქართული ცნობიერებისთვის, ზოგადადამიანური ფასეულობებისთვის. დასავლეთმა და მისმა ვასალებმა ფეხებზე დაიკიდეს ეს პრინციპები და თავს უფლება მისცეს, რუსეთის წინააღმდეგ ელემენტარული მორალის საკითხებშიც კი წასულიყვნენ.

ზემოთ აღნიშნული რეზოლუცია ყოველ წელს გადის გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე, რომელიც, როგორც წესი, დეკემბრის თვეში იმართება ხოლმე. მანამდე მას შესაბამისი კომიტეტი აძლევს მწვანე შუქს, რაც, მიუხედავად დასავლეთისა და მისი ვასალების წინააღმდეგობისა, წელს მაინც შედგა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ნაციზმისა და რასიზმის დამგმობი დოკუმენტის წინააღმდეგ აძლევენ ხმას ნაციზმისა და ფაშიზმის პრაქტიკაში გამტარებელი სახელმწიფოები – გერმანია, იაპონია და იტალია, რომელთაც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე უფრო საშინელი ომი დაატეხეს თავს კაცობრიობას.

თუკი ევროპის და ამერიკის ცივილიზებული ხალხები გონზე არ მოიყვანენ თავიანთ პოლიტიუკურ ისტებლიშმენტს, პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს და დასავლეთი რუსეთის ჯიბრით ნაციზმის აღორძინების გზით წავა. უყრაინაში ასეთი ექსპერიმენტი კარგა ხანია, მიმდინარეობს და ღმერთმა დაიფაროს საქართველო, ანალოგიურ ექსპერიმენტში ჩათრევისაგან. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მართებს უდიდესი სიფრთხილე.

 

გულბაათ რცხილაძე