შალვა პაპუაშვილი – საქართველოს ევროპულ გზას და ინტეგრაციის პროცესს ნიდერლანდების პარლამენტისგან მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს

ევროპული საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა განსაკუთრებით გააძლიერა საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულება, ჩვენ უკვე გვქონდა სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტი, ნიდერლანდების პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ნიდერლანდების მხარდაჭერა აქვს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ევროპულ გზას და ინტეგრაციის პროცესს ნიდერლანდების პარლამენტისგან მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, ნიდერლანდების პარლამენტთან გვაკავშირებს ის განსაკუთრებული პარტნიორობა, რაც მომდინარეობს „ტვინინგის“ პროექტისგან, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის დახმარებით. ამ პროექტში ჩვენი პარტნიორი გახლავთ სწორედ ნიდერლანდების პარლამენტი. ეს თანამშრომლობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა შეგვიძლია, გვქონდეს ორ პარლამენტს კომიტეტების დონეზეც, აქედან გამომდინარე, უფრო ინტენსიურად იქნებიან საქმის კურსში, რას აკეთებს საქართველო, რომ შესრულდეს 12 პრიორიტეტი. მეორე მხრივ, უნდა გავუზიაროთ ჩვენი სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე შეაფასოს ევროკავშირმა საქართველოს პროგრესი, მალე მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.