პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2008 წელს უკრაინა საქართველოს შეიარაღებით ეხმარებოდა.
ვაშაძის თქმით, უკრაინას, რომელმაც 2008 წელს საკუთარი უსაფრთხოება დააყენა საფრთხის ქვეშ, დღეს საქართველო გენერატორებითაც კი არ ეხმარება.
„უკრაინას, რომელიც 2008 წელს შეიარაღებით გვეხმარებოდა, რათა აგრესიას გავმკლავებოდით, „ქართული ოცნება“, ეს პრორუსული ძალა, ელემენტარულად, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, გენერატორებითაც კი არ ეხმარება. ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება, რასაც ჩადის „ქართული ოცნება“. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, როდესაც „ქართული ოცნება“ საქვეყნოდ თავს გჭრის. ქვეყანას, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოება დააყენა საფრთხის ქვეშ 2008 წელს, დღეს საქართველო, ელემენტარულად, გენერატორებითაც კი არ ეხმარება. საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება კი არა, გენერატორითაც კი არ ეხმარება. უფრო მეტიც, თბილისის მერიამ უკრაინელი დევნილები ამაზრზენად გამოყარა საცხოვრებელი ადგილებიდან. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც აქვს ამ მავნებლურ, პრორუსულ ძალას. უკრაინის მხრიდან განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც გენერატორებზე უთხრა უარი „ქართულმა ოცნებამ“. ვფიქრობ, ძალიან მკაფიოა, რომ იარაღზე ლაპარაკიც კი არ არის, გენერატორითაც კი არ ეხმარება „ოცნება“ უკრაინას“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა: „სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით“.