დასახლება “პობედის” ორი ცხოვრება და ანტენების უზარმაზარი ველი, სპეციალურ ნაგებობებთან ერთად …

დასახლება “პობედის” ორი ცხოვრება და ანტენების უზარმაზარი ველი, სპეციალურ ნაგებობებთან ერთად

თბილისიდან, დაახლოებით, 30 კილომეტრში, გარდაბნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირისთვის ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო დასახლება იყო: “პობედისა” და მის გვერდით მდებარე დასახლების ბინადრები საიდუმლო ინფორმაციების მოპოვებასა და დამუშავებაზე მუშაობდნენ. ერთი მათგანი “გრუ”-ს, საბჭოთა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, მეორე კი “კგბ”-ს, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, ექვემდებარებოდა. დღეს ორივე ობიექტი მიტოვებული და თითქმის განადგურებულია.

ამ დასახლებას “პობედა” ჰქვია. “პობედაში” გარდაბნიდან კითხვა-კითხვით მივდივართ. ადგილობრივებმა თითქმის არაფერი იციან ამ დასახლების შესახებ, იქვე მდებარე ამავე სახელობის ქუჩისკენ გვაგზავნიან. რუკას ვიყენებთ და ვპოულობთ ნანგრევებად ქცეულ საკმაოდ დიდ დასახლებას. გზის მარჯვენა მხარეს ორსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებია, მარცხნივ – ანტენების უზარმაზარი ველი.

საცხოვრებელი ნაწილი ჩაკეტილ რეჟიმში მომუშავე 600 მოსახლისთვის იყო განკუთვნილი, რომელთა უმეტესობა რუსეთის ჯარსა და სპეცსამსახურებში მომსახურე სამხედრო და სამოქალაქო პირი იყო. ახლა სანახევროდ დაშლილ სახლებში 30-მდე ქართული ოჯახი ცხოვრობს. აფხაზეთიდან ლტოლვილები და ომის ვეტერანები 90-იან წლებში დასახლდნენ, სამხედრო ბაზებზე დასაქმებულმა ქართველმა ოჯახებმაც აქ დარჩენა არჩიეს ძველ სახლებში დაბრუნებას და ახლო ნათესავებიც ჩამოიყვანეს მიტოვებულ ბინებში საცხოვრებლად.

ინტერნეტში მრავლად მოიძებნება რუსულენოვანი წყაროები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ “პობედა” ერთ-ერთი იყო იმ რადიოცენტრებიდან, რომლის მაგვარიც საბჭოთა კავშირის დროს არაერთი არსებობდა. ამ ტიპის სადაზვერვო დანაყოფები საიდუმლო სიხშირეების დაჭერით, ინფორმაციის მიღება-დამუშავებით და კოდირებული სიგნალების გაშიფვრით იყვნენ დაკავებული. ისმინებოდა ნატოში შემავალ ქვეყანათა ავიაციისა და სამხედრო ფლოტის სიხშირეები. სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარნიზონი დახურული და გასაიდუმლოებული იყო.

80 წლის ნათელა ჩხეიძე “პობედაში” 61 წლის წინ ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად, რომელიც აქ სამხედრო ვალდებულებას იხდიდა.

“ჩემმა ქმარმა ააშენა ეს ბინები 55-ში. მშენებელი იყო, აქ ჯარს იხდიდა. ქართველები აქ არავინ არ იყვნენ, მარტო ჩვენ ვიყავით და კიდევ ერთი ოჯახი. ეს ისეთი ნაწილი იყო, ისეთი “სეკრეტი” ნაწილი, რომ არ შეიძლებოდა ვინმე შემოსულიყო, ჩვენი ნაწილი არავინ არ იცოდა. მე რომ მივდიოდი პროდუქტზე, თუ გამაჩერებდა ვინმე, წაიკითხავდნენ საიდან მოვდიოდი, არავინ არ იცოდა, სად ვიყავი. ყველაფერი კარგად იყო, ისე კარგად, ერთი პატარა ლამაზი კუნძული იყო. არსად შუქი და არაფერი არ იყო, ჩვენთან წამიერად არ შეწყვეტილა. ყველაფერი იყო. “გარადოკი” იყო ისეთი ლამაზი, რომ შემოხვიდოდი….მაგრამ გზაჯვარედინი რომაა, იმის იქით არავინ შემოგიშვებდა, თუ “პროპუსკი” არ გქონდა და არ იცოდნენ. ჩემი ნათესავი რომ მოვიდოდა, სანამ მე “პროპუსკს” არ გამოვწერდი, სანამ არ გაიგებდნენ, სანამ არ გადაამოწმებდნენ, ხანდახან მთელი დღე “პრახადნოიში” იჯდა. გარშემო სულ “ახრანა” დადიოდა, “აფიცრები” და ისინი… თუ ვინმე მოახლოვდებოდა, აჩერებდნენ და უკან აბრუნებდნენ. სულ რუსები იყვნენ, “აფიცრები”, “აფიცრების პრაპორშიკები” და იმათი ოჯახები. საიდუმლო იყო და მუშაობდნენ საიდუმლოზე. ეს ისეთი ნაწილი იყო, აქედან ამერიკას თავისუფლად უყურებდნენ. აქ “სალდათი” რომ მოვიდოდა, ხელი ჰქონდა მოწერილი, რომ აქედან ვერსად ვერ წავიდოდა, საზღვარგარეთ წასვლა აქ მსახურობის მერე 5 წლის განმავლობაში ეკრძალებოდათ. ყოველ 2 წელიწადში გვამოწმებდნენ”.

ნათელა ჩხეიძე იხსენებს, რომ დასახლებაში მკაცრი წესები მოქმედებდა. ყოველკვირეულად მოწმდებოდა, რამდენად სუფთა და მოვლილი იყო სახლები, იკრძალებოდა შინაური ცხოველების და ფრინველების ყოლა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. “პობედაში” იდეალური წესრიგი და სიწყნარე უნდა ყოფილიყო. ეს სიწყნარე განსაკუთრებულ დღეებში ირღვეოდა, როცა ადგილობრივ კლუბში გასართობი ღონისძიებები იმართებოდა ან სამხედროები დღესასწაულებს აღნიშნავდნენ.

“კლუბი იყო ისეთი, ერთი სოხუმში იყო ასეთი კლუბი და მეორე ჩვენთან. ერთი და იმავე არქიტექტორის აშენებული იყო ორივე. კლუბში ყველაფერი იყო. თუ საქართველოში ჩამოვიდოდა ვინმე კონცერტისთვის, პირველად ჩვენთან მოჰყავდათ. ახლა ხშირად ჩამოჰყავთ, მაშინ იშვიათი იყო. საზღვარგარეთიდან იშვიათად ჩამოჰყავდათ ვინმე, რუსეთიდან მოდიოდნენ ძირითადად. მაგათ ჰქონდათ საშუალება გაემართათ ეგეთი “პრაზდნიკები”, გაეკეთებინათ ეს ღონისძიებები. მოკლედ, კაი დრო იყო. განსაკუთრებული “პრაზდნიკები” მაშინ იყო “დენ პაბედი”, 23 თებერვალი, 1 მაისი. ამის გარდა თუ რაიმე იქნებოდა, თვითონ “სალდათები” აკეთებდნენ ყოველ კვირაში კონცერტებს, გამოდიოდნენ, აგერ სკოლაში აკეთებდნენ კონცერტებს, ყოველ შაბათ-კვირას იმ კლუბთან, გარეთ, ცეკვა-თამაში იყო, “ტანცებიო” და რა ვიცი, რა არ იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ რუსულ სტილზე, მაშინ “სავეცკი საიუზი” იყო”.

კლუბს და იქ გამართულ კონცერტებს და კინოჩვენებებს, განსაკუთრებული ემოციით იხსენებს ყველა, ვისაც ახსოვს Рустави-7, поселок “Победа”, ანუ იგივე (в/ч 61615) – ასეთი იყო ზუსტი დასახელება, ამ გასაიდუმლოებული სამხედრო ნაწილის.

სამხედრო მოსამსახურე თემურ თოდრაძე ამ ნაწილში, გასული საუკუნის 80-იან წლების მეორე ნახევარში, გადიოდა სამხედრო სამსახურს, როცა საბჭოთა კავშირი შედარებით უკვე შესუსტებული იყო და ამ ტიპის დაწესებულებებშიც ადგილობრივების მიღება რთულად, მაგრამ მაინც ხდებოდა. საბჭოთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მისი მოვალეობა სწორედ “პობედის” კლუბის მეთვალყურეობა იყო, სხვა თანმდევ ფუნქცია-მოვალეობებთან ერთად.

– “საბჭოთა არმიის რიგებში გამიწვიეს 1986 წლის გაზაფხულზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწილში დიდი ჩაწყობით მოვხვდი. როგორც წესი, ზუსტად ამ პერიოდში ავღანეთში მიჰყავდათ ძალიან ბევრი ბიჭები საომრად და რომ არ ჩამოვესვენებინეთ ცინკის ყუთით იქედან, მშობლებმა იფიქრეს და რა ვქნათო და მამამ საკმაოდ მაღალ დონეზე, კა-გე-ბე-ს გენერალ ხატიაშვილის დახმარებით გამიკეთა ამ ნაწილში მოხვედრის საქმე. ეს იყო 86 წლის გაზაფხული, გეპეიში პირველი კურსი რომ დავამთავრე 2 წლით ვიყავი ამ ნაწილში გამოგზავნილი და გარანტია იყო იმისი, რომ ამ საიდუმლო ნაწილიდან არსად არ გადამიყვანდნენ, განსაკუთრებით კი ავღანეთში.

ჩვენთან იყო ძირითადად სულ ნარჩევი ხალხი, როგორც ოფიცრები, ასევე რიგითი ჯარისკაცებიც – ლენინგრადი, ივანოვო, მოსკოვი, ვოლგოგრადი, ასეთი განვითარებული ქალაქებიდან იყვნენ, უმეტესად, იქ მომსახურე და წინასწარ მომზადებული ხალხის კონტიგენტი.

მე პირადად მებარა გარადოკის დიდი კლუბის მოვლა-პატრონობა. 450-კაციანი , უზარმაზარი სრულყოფილი დარბაზი იყო, თავის მოძრავი სცენით და სპეცგანათებით. იმ დროისათვის ძალიან კარგად გაწყობილი კლუბი იყო. აფსუსია, რომ ეგეთი კარგი კლუბი დღეს აღარ არსებობს, თავის კინო-საპროექციო აპარატურით. ხომ იცით, რომ რუსებს ასევე ძალიან უყვარდათ თვითშემოქმედებითი საღამოების მოწყობა. ოფიცრების ცოლები სულ რაღაცებს აკეთებდნენ, ჩამოჰყავდათ ანსამბლები, მაგალითად, რამდენჯერმე სტუმრად ჩამოყვანილი ჰყავდათ ანსამბლი “რუსთავი”. სამხედრო ნაწილს თავისი მუსიკალური ორკესტრიც ჰყავდა. ორკესტრის ხელმძღვანელი იყო მუსიკოსი ნუგზარ ულუმბელაშვილი, ქართველი ბიჭი რუსთავიდან. ახლა ის უკვე ბევრი წლებია, რაც რომ რუსეთში ცხოვრობს”…

… წლების შემდეგ თემურ თოდრაძე ჯარის დროინდელ ნაცნობებს და მეგობრებს “პობედიდან” რუსულენოვან ფორუმებზე ეძებს. ის ერთადერთი არ არის, ვინც ძველი კავშირების აღდგენისთვის ინტერნეტს იყენებს. ამავე ფორუმზე სხვა რუსი სამხედროების წერილებსაც ნახავთ. ინტერნეტს ასევე საკომუნიკაციოდ იყენებს 80 წლის ნათელა ჩხეიძეც, რომელსაც წერილებს დღემდე უგზავნიან ძველი მეგობრები და მეზობლები. მათგან ზოგიერთი პერიოდულად სტუმრობს კიდეც “პობედას” და ამბობენ, რომ აქაურობა ენატრებათ და გული სტკივათ, როცა სრულიად შეცვლილი და დარბეული მდგომარეობა ხვდებათ.

“გარადოკი”, რომელიც საბჭოთა სპეცნაწილმა დატოვა და რომლის შესახებაც ადგილობრივები მხოლოდ დადებითს ჰყვებიან, დღეს სრულიად არ ჰგავს იმას, რაც იქ ახლა დაგხვდებათ. შენობები თითქმის დანგრეულია, დასახლებაში არ არის ბუნებრივი აირი, წყალი მხოლოდ კვირაში ორ დღეს მოდის, ჭაბურღილით ამოაქვთ პარასკევს და შაბათს, თუმცა გაუმართავი კომუნიკაციების გამო ყველას ონკანში არ ამოდის, გასათბობად შეშის ღუმელს, ან დენის კუსტარულ გამათბობლებს იყენებენ. აქ ვერ ნახავთ მაღაზიას, სკოლას, საბავშვო ბაღს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს. “პობედა” გარესამყაროსგან ახლაც იზოლირებულია, ისევ კუნძულივით აგრძელებს ცხოვრებას, ელემენტარული პირობების გარეშე. აქაური ბავშვები გარდაბნის სკოლაში დადიან, საკვებს და ელემენტარულ ყოფით ნივთებსაც იქ ყიდულობენ, სამსახურებსაც მახლობელ დასახლებებში ეძებენ. აქ ახლა არაფერი არ ფუნქციონირებს. “პობედის” ნგრევა საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ დღესაც გრძელდება.

– “აქედან რუსები რომ წავიდნენ, შემოვიდნენ ჯერ დევნილები, მერე სპეცრაზმი. დევნილები რომ შემოეყვანათ მხოლოდ, ეს ნაწილი ისევ ისე დარჩებოდა, სახლებს მაინც არ დაანგრევდნენ. სპეცრაზმი რომ შემოვიდა, დაიწყეს ნგრევა. ქართველმა სპეცრაზმელებმა ფაქტიურად დაანგრიეს ეს “გარადოკი”. მე აქ ისეთი რამ გადავიტანე, მეგონა გავგიჟდებოდი. ჩვენი აშენებული იყო ეს სახლები, ეს ხეები ჩვენი დარგული იყო, გაყვავილებული იყო სულ. ერთ ბინაში შევიდოდნენ, ყველაფერს დაანგრევდნენ. რასაც პოულობდნენ, ან იპარავდნენ და ყიდდნენ. მერე მეორეში გადავიდოდნენ. ჩემს ხელში აშენებული ჩემს ხელშივე დაინგრა. მგონი, გერმანელებს არ გაუკეთებიათ ისეთი რამე, რაც ამათ ქნეს აქ. საშინელება” – იხსენებს ნათელა ჩხეიძე, რომელიც ამბობს, რომ რუსებმა აქედან მხოლოდ პირადი ნივთები და ის ტექნიკა წაიღეს, რომლითაც მუშაობდნენ, ყველა სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ხელუხლებლად იყო დატოვებული ბინებში, რომელთა უმეტესობა დღეს ცარიელია.

როლანდ კოპალიანი ერთ-ერთია იმ ლტოლვილებს შორის, რომლებიც აქ აფხაზეთის ომის შემდეგ მოვიდნენ. სოხუმელი ომის ვეტერანი ლტოლვილობის პირველ წლებში გლდანში ცხოვრობდა, შემდეგ აქ მისცეს ბინა და ძმასა და მის მეუღლესთან ერთად აქ გადმოვიდნენ.

– “ჩვენ ფაქტიურად ეხლა არც სოფელში ვართ და არც ქალაქში. არჩევნები როცა იყო ახლა, ცოტა მოვიდნენ აქანე. კანალიზაცია იყო გაფუჭებული, გაგვიკეთეს. არჩევნების მერე გაქრნენ. მიყრუებული ქვეყანაა, პური რომ მოგინდეს, მარნეულში უნდა წახვიდე და არც ტრანსპორტია იქამდე მისასვლელი და არაფერი – ამბობს როლანდ კოპალიანი”.

“მიყრუებულ ქვეყანაში” ასეთ ფრაზას ბევრს მოისმენთ, როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული დაპირებების შესახებ. მაგალითად, ნათელა ჩხეიძე იხსენებს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის “პობედაში” ადრინდელ ვიზიტს ისრაელელ ინვესტორებთან ერთად. ბიზნესმენები აქ რძის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას და არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას გეგმავდნენ, თუმცა ჯერჯერობით გეგმები მხოლოდ გეგმებად რჩება. ადგილობრივები კი თითო-ოროლა შინაურ ცხოველს უვლიან, იხსენებენ ძველ ამბებს და ელოდებიან, როგორი იქნება “პობედას” მესამე ცხოვრება, ამას უკვე მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს …

მასალის წყარო

წყარო: radiotavisupleba.ge