მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ – ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ „უკრაინა საქართველოს სამხედრო დახმარებას სთხოვს“.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო უყრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს.
„მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. 190 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე, ვინც უკრაინას ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. მანამდე დავეხმარეთ უკრაინელ ლტოლვილებს და მათ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ეს დახმარება ახლაც გრძელდება. ამის მაგალითია უკრაინულ ენაზე განათლება – უკრაინელი ბავშვები აქ განათლებას იღებენ უკრაინულ სკოლებში, რომელიც გავხსენით. რაც შეეხება დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამას და დახმარებას გავაგრძელებთ.
რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამის თაობაზე, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ, ამ ომში, კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით, ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდი პასუხისმგებელი ვართ ხალხის წინაშე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.