ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ესტონეთს აღარ აქვს შესაძლებლობა, ისეთივე დახმარება გაუწიოს უკრაინელ ლტოლვილებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
ამის გამო ესტონეთი მიმართავს ფინეთს, მეტი უკრაინელი მიიღოს.
„თუ შევხედავთ, როგორ ბომბავს რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ ობიექტებს და ცდილობს, უკრაინაში ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს, მაშინ არაა გამორიცხული ლტოლვილების ახალი ტალღა“, – განაცხადა კალასმა.
როგორც კალასმა აღნიშნა, ესტონეთში საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო ადგილების დეფიციტია, რის გამო ლტოლვილების მიღება რთულია.
„ჩვენ ვესაუბრეთ ფინეთს და მათ გვითხრეს, რომ მეტი ლტოლვილის მიღება შეუძლიათ“, – განაცხადა კალასმა.
მანამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს შენგენის ზონის შიდა საზღვრებზე კონტროლის აღდგენას, რადგან ესტონეთი უკრაინელი ლტოლვილების ახალ ნაკადს ელოდება. ამჟამად ესტონეთში 58 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.