ნიკა მელია – ღარიბაშვილი კი საუბრობს ღმერთის წყალობაზე?

ბუნებრივია, ღმერთის წყალობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მედიცინა, როგორც მეცნიერება, არსებობს იმისთვის, რომ ამ დარგის წარმომადგენლებს ყური ვუგდოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ყველას სიცოცხლე აბარია ღმერთს და ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა დაუსვან კითხვა, აბსოლუტურად უგულებელყოფს თუ არა მედიცინას, როგორც მეცნიერებას.

„პროფესორი, აკადემიკოსი თუ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმები ერთხმად საუბრობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ექვემდებარება გაუმჯობესებას იმ პირობებში, რა პირობებშიც მას ამყოფებენ და ერთადერთ გამოსავლად ესახებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, ამ დროს კი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ აბსოლუტურად უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? არ ვიცი, ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება თვალყურს ადევნებს წარმოუდგენელ შავ კამპანიას, რომელიც უკრაინაში ქართველი მებრძოლებისადმი არის მიმართული.

„ბოლო დღეების განმავლობაში თვალყურს ადევნებთ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით წარმოუდგენელ შავ კამპანიას, უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯარისკაცების გაშავების კამპანიას. ფულს ხარჯავენ, რომ, მათი გადმოსახედიდან მაქსიმალურად ეფექტურად, ებრძოლონ ყველა ავტორიტეტს, იქნება ეს ჯარისკაცი, სამხედრო, პედაგოგი თუ ექიმი. ზოგადად, ეს ტრადიცია „ქართულ ოცნებას“ დღემდე დაცული აქვს. ყველა ავტორიტეტული ადამიანი, განურჩევლად პროფესიისა, მისთვის არის საფრთხე და ვინ თუ არა ვაჟკაცი, პატრიოტი, ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ქართველი სამხედროები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავენ საქართველოსგან შორს და არა უბრალოდ იცავენ, არამედ ამარცხებენ მტერს, ქართულ სახელმწიფოში არიან ხელისუფლებისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ მტრები. ძალიან დასანანია და, ვფიქრობ, პოლარიზაცია წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ თავად შექმნა – პოლარიზაცია „ქართულ ოცნებასა“ და პატრიოტებს შორის. ეს არის განგებ გადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და გამონაკლისი შემთხვევა სამხედროებთან მიმართებითაც კი არ დაუშვეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, დამსახურებაა არა ხელისუფლების, არამედ უკრაინაში მებრძოლი ქართველების.

„დღეს რომ საქართველოში არის მშვიდობა, ხელისუფლების დამსახურება კი არ არის, ეს არის იმ ასობით ქართველი გმირის, ვაჟკაცის, უკან დაუხეველი ჯარისკაცის, სამხედროს დამსახურება, რომლებიც ებრძვიან მტერს უკრაინაში და ამარცხებენ. ამის დამსახურებაა და არა ირაკლი ღარიბაშვილის ან „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენლის. გაუაზრებელი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ქართულ სახელმწიფოებრიობას. არ მაქვს იმედი, რომ ღარიბაშვილი ამას ოდესმე გაიაზრებს. განგებ ცდილობს, მეტი პოლარიზაცია შექმნას საზოგადოებაში. გჯერათ, რომ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების წევრების, თქვენს უსაფრთხოებას ვინც უზრუნველყოფენ, პერსონალური უსაფრთხოებით დაწყებული, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებით დასრულებული, საკუთარი სიცოცხლის დათმობის ხარჯზე ვინც იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე, სანგრებში, სხვადასხვანაირ არაადამიანურ პირობებში, მათ საქართველოში ფულს უხდის რომელიმე პოლიტიკური პარტია და აგზავნის? პირველ რიგში, ეს დამამცირებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე ძვირფასს თმობს – სიცოცხლეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტებმა ნიკა მელიას შეაფასებინეს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე.

„ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს, ის არის, რომ დააქოქინოს თვითმფრინავი თავის პილოტს და ჩაფრინდეს უკრაინაში, კიევში და გამართოს შეხვედრა ზელენსკისთან. მოიქცეს ისე, როგორც  24 თებერვლის შემდეგ თვეების განმავლობაში იქცევიან დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები. პრაქტიკულად არ დარჩა არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი ევროპის, და არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, ვინც ეს ნაბიჯი არ გადადგა. გამონაკლისი არიან ლუკაშენკო და ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილმა კანცელარიის შენობაში, მთავრობის სხდომაზე ბიუროკრატიული ხმით განცხადებები კი არ უნდა აკეთოს, არამედ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადოს. ამისათვის არსებობს შესაბამისი პროტოკოლი, როგორ შეიძლება, საუკეთესოდ წარმოაჩინო შენი სურვილი და ნება უკრაინელი ხალხის წინაშე. ჩაფრინდი იქ, სადამდე ფრენასაც მხოლოდ სამი საათი სჭირდება და მეტი არა. რატომ არ აკეთებს ამ ყველაფერს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჩადიან იქ? მათ არ უნდათ მშვიდობა საკუთარ ქვეყანაში? რა თქმა უნდა, უნდათ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.