ეკა ბესელია: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია და სააკაშვილის პროცესის გადადება, მისთვის ერთგვარი შვება იყო – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“გაუგებარი იყო ასეთი მოუმზადებლობა სასამართლოს მხრიდან. როდესაც არის საზოგადოების დიდი ინტერესი, ასევე  ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დროის ფაქტორი და თავად ის, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებამ უარი თქვა პატიმრის, ანუ ექსპრეზიდენტის ეტაპირებაზე, სწორედ იმიტომ რომ რისკის ფაქტორები საკმაოდ მაღალი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არის ნამდვილად მძიმე და ასეთი ინფორმაცია სასამართლოს უნდა ჰქონდეს პროცესის დაწყებამდე, რომ მას ალტერნატიული შესაძლებლობის განხილვა შეეძლოს ასევე ოპერატიულად. როდესაც იცის მოსამართლემ, რომ პატიმრის ეტაპირება ვერ ხერხდება და პატიმარი ითხოვს საკუთარ სასამართლოზე დასწრებას, რაც კანონმდებლიბით არის დაშვებული, ამის მომზადება შეეძლო ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ამიტომ, გადადება იმ მოტივით, მოდი უკეთ მოვემზადოთ, უხერხულად ისმინებოდა ეს არგუმენტი. გაცილებით მარტივია ონლაინ ჩართო პატიმრობაში მყოფის. ეს დღეები ხომ უფრო მეტად არის რისკფაქტორის შემცვლელი. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია და მისთვის ერთგვარი შვება იყო ეს დღეები, რა დღეებიც აქვს მას შუალედი, შემდგომ სასამართლო სხდომამდე”- განაცხადა ეკა ბესელიამ.