ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვა და 80%-ზე მეტი ხმა მიიღო, რამდენიმე კონკურენტისა და საარჩევნო ბიულეტენში არსებული გრაფის – „ყველას წინააღმდეგ“ ფონზე. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ყაზახეთის პრეზიდენტი შეიძლება, არჩეულ იქნას მხოლოდ ერთი – შვიდწლიანი ვადით. ეს დრო ეძლევა პრეზიდენტს წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად და შემდგომი პროგრამებისა და რეფორმების განსახორციელებლად.
ტოკაევს ახალ პრეზიდენტს ვერ უწოდებ, ვინაიდან იგი ამ თანამდებობას ბოლო რამდენიმე წელია, იკავებდა და თავი გამოავლინა, როგორც შორსმჭვრეტელმა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიმღებმა ლიდერმა.
გასაკვირი სულაც არ არის ტოკაევის ასეთი მაღალი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, ვინაიდან სწორედ მისი უმაღლეს თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ დაიწყო ქვეყანაში კოლოსალური დემოკრატიული ცვლილებები, მკვდარი წერტილიდან დაიძრა ბევრი პრობლემური საკითხი, ყაზახეთმა სულ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო მსოფლიოში, თავისი უდიდესი პოტენციალით. ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც გასული კვირის ბოლოს შედგა, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა: ქვეყანა ჯერ კიდევ იმ ეკლიანი გზის დასაწყისშია, რომელსაც სამართლიანი ყაზახეთის აშენება ეწოდება, სადაც მეფობს კანონი და იცავენ წესრიგს, სადაც ჯეროვან პატივს მიაგებენ მოქალაქეთა უფლებებს. ასე, ტოკაევის თქმით, საჭირო იქნება დიდი სამუშაოს გატარება საზოგადოების ტრანსფორმაციისთვის, რათა ყაზახეთი საბოლოოდ ჩამოყალიბდეს განვითარებულ სახელმწიფოდ, ჭეშმარიტად დემოკრატიული ინსტიტუტებით. ეს მოდერნიზაცია ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება – განათლებით დაწყებული, ინდუსტრიალიზაციისთ დასრულებული.
ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძანებულებას. პირველ რიგში, ყურადღება მიექცევა სოფლის აღორძინებას, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 40% ცხოვრობს. შესაბამისი კონცეფცია მთავრობის მიერ იქნება შემუშავებული ხუთი წლის მანძილზე. მეორე, 2023 წლის 14 იანვარს დანიშნულია არჩევნები ყაზახეთის სენატში, ხოლო მომავალი წლის ივნისში პარლამენტის მეჯლისის არჩევნებია, რაც ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის რეალიზების გაგრძელება იქნება. ასე და ამრიგად, ზედა პალატის სადეპუტატო კორპუსის ნაწილის გადახალისება მოხდება კონკურენციისა და ღიაობის პრინციპების საფუძველზე.
ყველაზე უფრო ნანატრი ბრძანებულებაა საზღვარგარეთ უკანონოდ გაზიდული აქტივების სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნების ბრძანებულებაა. ეს არის სამართლიანობის აღდგენისთვის გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, მსოფლიო საექსპერტო საზოგადოებას ბევრი რამ აქვს მოსმენილი საკმაოდ ხშირად მომხდარ ასეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებშიც ფიგურირებენ ყაზახეთის ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. მაგალითად, ყველას არაერთხელ გაუგია ბოლო დროის ყველაზე უფრო სამწუხარო მხრიდან ცნობილი მუხთარ აბლიაზოვის შესახებ, რომელმაც ყაზახეთის მოსახლეობას დიდძალი ფული მოპარა, ამ ფულს ევროპაში მაქინაციური სახით „ატრიალებს“ და ცდილობს, ყაზახეთის პოლიტიკური წყობა დაამხოს.
პრეზიდენტის მტკიცე ნებაა, რომ დაბრუნებული თანხები მოქალაქეთა კეთილდღეობას მოხმარდეს. მან განაცხადა, რომ მოხდება ამ თანხების ჩადება მაღალტექნოლოგიურ წარმოებებში, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაში, სოციალური პროექტების განხორციელებაში.
პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ცალკე და საკმაოდ ფართოდ შეეხო ყაზახეთის საგარეო პოლიტიკას:
„პრიორიტეტული ყურადღება გამახვილდება მეზობელ სახელმწიფოებთან – ჩინეთთან, რუსეთთან და ცენტრალური აზიის მოძმე ქვეყნებთან, ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში არსებულ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ განვავითაროთ მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთი კავკასიის სახელმწიფოებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან. ყაზახეთი რჩება თანამედროვე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ერთგული“ – აღნიშნა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
როგორც ჩანს, ყაზახეთი თავისი პოლიტიკური კურსის ერთგული რჩება და ამა თუ იმ საერთაშორისო საკითხში მხარეს არ ირჩევს. თუ გარემოებები არ დაემუქრება თავად ყაზახეთის ტერიტორიულ მთლიანობას, მის კანონიერ ინტერესებს და არავინ შეეცდება, ხელჰყოს ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი პოზიცია უცვლელია – მშვიდობა, ბალანსი, კომპრომისი.
სიმონ კალაძე