აშშ-მა სანქციები დაუწესა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ირანს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარებოდა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
მედიის ცნობით, როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, თურქი ბიზნესმენის, სიტკი აიანის დახმარებით მიღებულ შემოსავალს ირანი მარიონეტული ძალების, მათ შორის ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ დაფინანსებისთვის იყენებდა.
მანამდე, გავლენიანმა გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქი ბიზნესმენი სიტკი აიანი ფინანსურ გარიგებებშია ჩართული „ქუდსის ძალებთან“, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტურ ქვედანაყოფს წარმოადგენს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავს ოპერაციებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თურქი ბიზნესმენი ირანისთვის დაწესებული სანქციების არიდებისთვის გამიზნულ ქსელს ხელმძღვანელობდა, რომლის საშუალებითაც მილიონობით დოლარის ნავთობის უკანონოდ გაყიდვა გახდა შესაძლებელი.
მაისში აშშ-მა უკვე დაუწესა სანქციები თურქ ბიზნესმენთან დაკავშირებულ კომპანიებს და ინდივიდუალურ პირებს, თუმცა თავად აიანის წინააღმდეგ შეზღუდვები არ შემოუღიათ. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს, სავარაუდოდ, აიანის თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თიაფ ერდოღანთან ახლო კავშირებით იყო განპირობებული. აიანთან და მის კონგლომერატ „ეიბიეს ჯგუფთან“ ერთად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბიზნესმენის შვილს და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორსაც.
შავ სიაში შეყვანილ პირებს აშშ-ში ანგარიშები და აქტივები გაეყინებათ, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს მათთან ბიზნესსაქმიანობა აეკრძალებათ.