კელი დეგნანი – გადაუდებელი ვითარებაა, რადგან არსებობს დიდი შეშფოთება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებას.

დეგნანის თქმით, „გადაუდებელი ვითარებაა, რადგან არსებობს დიდი შეშფოთება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით“.

მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება.

„აშშ ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს ბატონი სააკაშვილის სიტუაციას. პროცესის გადადება დღეს მოულოდნელი იყო, რადგან აშშ-ში, როდესაც მოსამართლე მოითხოვს გარკვეული ქმედებების მიღებას, ყველა მაქსიმუმს აკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს განკარგულება შესრულდეს. გადაუდებელი ვითარებაა, რადგან არსებობს ასეთი დიდი შეშფოთება როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისოდ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნეთ, საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი იღებდეს იმ მენტალურ, ფიზიკურ და სამედიცინო ზრუნვას, რაც სჭირდება. შემდგომი გადადება მხოლოდ ზრდის კითხვებსა და შეშფოთებებს მის კეთილდღეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.