სვენ მიქსერი – კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია 12 პუნქტის შესრულებაზე, ყველა რეკომენდაცია მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროპული საბჭო მათ მთლიანად შეაფასებს.
პოლიტიკური საკითხები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე პოლარიზაციას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმე ფონს ქმნის დისკუსიისთვის. ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მათი, ვინც ხელისუფლებაშია, რომ ეს საკითხები გადაიჭრას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
ამასთან, სვენ მიქსერმა ისაუბრა 12 პუნქტის შესრულების საკითხზე. მისი თქმით, მკაფიოდ განისაზღვრა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია 12 პუნქტის შესრულებაზე და ყველა რეკომენდაცია მნიშვნელოვანია.
„ევროპარლამენტის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობა უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, რომ შეგვეძლოს მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის განხილვა. სამწუხაროდ, სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე ვმსჯელობთ, რაც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პოლარიზაციას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს თემები მძიმე ფონს ქმნის დისკუსიისთვის. ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებით მათი, ვინც ხელისუფლებაშია, რომ ეს საკითხები გადაიჭრას.
რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, ამ ჩამონათვალში ვხედავთ წარმატების სხვადასხვა დონეს. საქართველომ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა არის ევროკავშირთან ურთიერთობებში საბოლოო მიზანი და ეს არის ამ ორგანიზაციის წევრობა. ამ მიზნამდე მისასვლელად გზაა გასავლელი. ერთ-ერთი ეტაპია კანდიდატის სტატუსის მიღება. ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა, რომ კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია 12 პუნქტის შესრულებაზე. ყველა რეკომენდაცია მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტი, კომისია და ევროპული საბჭო მათ მთლიანად შეაფასებს. მათი ბევრი ნაწილი ასოცირებულია ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან – მედიის თავისუფლება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა” – განაცხადა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან ევროკავშირის საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც სვენ მიქსერმა მოამზადა.
წყარო: 1tv.ge