ჩვენ გვინდა ძლიერ ევროკავშირში წევრობა და არა ისეთ ევროკავშირში, რომელიც მართლა არ ვიცი, ვის დავალებებს ასრულებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარმა აღნიშნული კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას გააკეთა.
სოზარ სუბარის თქმით, ევროკავშირი ყოველდღიურად კარგავს სუვერენიტეტს.
„რისი თქმაც შემიძლია, არის ის, როგორ კარგავს ევროკავშირი სუვერენიტეტს ყოველდღიურად. გადაწყვეტილებები, რომლებიც იქ მიიღება, სინამდვილეში, მიიღება სხვაგან. ევროპარლამენტში ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც ხელის აწევით ადასტურებს იმას, რისიც შეუძლებელია, მათ სწამდეთ, სჯეროდეთ. მით უმეტეს ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტური ტყუილია, რასაც ისინი წერენ. სამწუხაროა, როდესაც ასეთ რამეს ვხედავთ. ჩვენ გვინდა ძლიერ ევროკავშირში წევრობა და არა ისეთ ევროკავშირში, რომელიც მართლა არ ვიცი, ვის დავალებებს ასრულებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.
ავტორი – მაკა ლაშხია