ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია

ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია მსოფლიოში ცვალებად ვითარებაზე , – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რთული დრო პოლიტიკურ ნებასა და ერთგულებას მოითხოვს ბელარუსისა და რუსეთის ურთიერთობების წინსვლაში შედეგების მისაღწევად.

„რთული დრო მოითხოვს ჩვენ ვაჩვენოთ პოლიტიკური ნება და ერთგულება ორმხრივი დღის წესრიგის ყველა საკითხში შედეგების მისაღწევად… არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერის თქმით, ბელარუსი და რუსი სპეციალისტები ბევრს მუშაობდნენ რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს პროგრამებზე, რომლებიც მან და ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები არც ბელარუსებს და არც რუსებს არ გაუცრუებს იმედს და გააუმჯობესებს მათ კეთილდღეობასა და ხვალინდელი დღისადმი რწმენას“, – დასძინა ლუკაშენკომ.