ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოსთვის – როცა გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, მაშინ ამას გამოვიყენებთ ქვეყნის ინტერესებისთვის, ჩვენი მტრის წინააღმდეგ , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ეტაპის დასრულებას.
„დღეს ეს უტიფრები, ვინც პუტინისტურ პროპაგანდას აწარმოებდა და წლებია აწარმოებს უტიფრად საქართველოს დანაშაულზე, პუტინისტური პროპაგანდის მსგავსად, აქეთ ატრიალებენ ამ ამბავს, სხვისკენ იშვერენ ხელს. იმის მაგივრად, რომ ლაპარაკობდნენ, თუ როგორ გამოიყენებდნენ ამას საქართველოს ინტერესებისთვის.
ასევე, ცხინვალის რეგიონში რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ჩადენილ ბოროტმოქმედებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 90-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს ქართველთა გენოციდის შესახებ კამპანია გახდეს ჩვენი მომავალი პატრიოტული მთავრობის პრიორიტეტი. ეს არის როგორც მორალურად, ასევე გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი. ეს არის ის კამპანია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ თავის პარტნიორებთან ერთად ატარებს “, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.