ჩემდა სამწუხაროდ, კონსულტაციამ შედეგი ვერ გამოიღო და მხარეები ვერ შეთანხმდნენ კონკრეტულ კანდიდატზე. ვერ შეთანხმდნენ, ვამბობ, რადგან ძირითადად მოლოდინი გვქონდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და ის პარტიები, რომლებსაც ჰყავდათ კანდიდატები დასახელებული, შეთანხმდებოდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, მისი გუნდის პოზიციაა, რომ ხელი შეუწყონ, მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვონ პოზიციები.
„ჩვენ ფავორიტი და გამოკვეთილი კანდიდატი არ გვყავს, მაგრამ კენჭისყრის დროს კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ახლა ამაზე წინასწარ ვერ ვიტყვით. სამწუხაროა, რომ, საბოლოოდ, ეს მოლაპარაკება ამ ეტაპზე ჩიხში შევიდა. ვნახოთ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი კენჭისყრამდე, კიდევ რამე თუ შეიცვლება, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს. ყველა კანდიდატს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება, ექნება კონკრეტულ კანდიდატს ან კანდიდატებს. ჩემი მეშვეობით „ქართული ოცნება“ კანდიდატებს ვერ გაიყვანს. ვის დავუჭერ მხარს და ვის არა, ამას კენჭისყრის დღეს ნახავთ. სამწუხაროდ, წითელი ხაზები, რაც იყო ნათქვამი სამ კანდიდატთან მიმართებაში და მეორე მხარეს სხვას არ განიხილავდნენ, ეს პოზიციები არ შეიცვალა“, – განაცხადა იოსელიანმა.