ნიკა გვარამია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელი ეხმაურება და ისტორიულ გამარჯვებად აფასებს.
“არანაირი “მძინარე ცხინვალი”! არანაირი “ვერ ავიცილეთ პროვოკაცია”! 2008 წელს რუსეთმა დაიწყო არამართლზომიერი და არაპროვოცირებული ომი საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო საქართველო იყო მართლზომიერი თავდაცვითი პასუხის რეჟიმში!
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიული გამარჯვებაა, ასევე ცივილიზებული სამყაროს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი რუსეთის გააზრებისა და ობიექტების შეფასების მიმართულებით! ვულოცავ ამ გადაწყვეტილებას ყველა ქართველ ჯარისკაცს, რიგითიდან მთავარსარდლამდე! ასევე, ვულოცავ ყველა ქართველ იურისტს, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა ნებისმიერი ხელისუფლების დროს!
მოკითხვა ჰაიდი ტალიავინის ხომ არაფერი აქვს სათქმელი, შემთხვევით?
P.S. რაც შეეხება ჰააგაში არსებულ მეორე სასამართლოს – გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, მოვისმინე ხელისუფლების დეზინფორმაცია, რომ “წინა ხელისუფლება ამ საქმეში დამარცხდა”. ტყუილია და თან საშიში. საქმე შემდეგშია: ამ სასამართლოში არსებული საქმე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოთ მოყვანილი და ეხება ეთნიკური წმენდის აღიარებას და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამ საქმეზე (მნიშვნელოვანწილად მაშინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გამო, რომელიც უკრაინის გამო დიამეტრალურადაა შეცვლილი) სასამართლომ საქართველოს უკან დაუბრუნა საქმე და სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის პირობად “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” შესახებ კონვენციით გათვალისწინებული ფორმალობის ამოწურვა დაასახელა. ეს რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას გულისხმობს, ეთნოწმენდის შედეგების აღმოფხვრის მიზნით. ფუჭი ფორმალობაა, მაგრამ სავალდებულო. თუ მოლაპარაკება არ ხდება ან უშედეგოა, ესეც ითვლება ფორმალობის ამოწურვად. რა ქნა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ? საქმე საერთოდ გააქრო და დღეს არავინ არ იცის რას აკეთებს ხელისუფლება ამ მიმართულებით.
მივმართავ საქართველოს იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს. გაასაჯაროეთ საქმის მიმდინარე სტატუსი და განმარტეთ, რატომ არაა სარჩელი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ხელახლა წარდგენილი. დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ყველამ (ხელისუფლების ჩათვლით) ზუსტად ვიცით, რომ ჰააგაში საქართველო რუსეთს დაამარცხებს და ჩვენი ქვეყნის და ასევე რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ყველაზე წონად და მძიმე სამართლებრივ, პოლიტიკურ და ისტორიულ დოკუმენტს მივიღებთ, რომლითაც დადგინდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ოსეთში 1991-დან 2008 წლებში განხორციელებული ეთნოწმენდა. ეს შედეგი რომ დადგება, ნამდვილად ყველამ ვიცით, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას არ გვსურს.” – წერს ნიკა გვარამია.