„ ქართულ ოცნებას“ ერთი სულ აქვს პარლამენტში დარჩეს მარტო და რეკომენდაციების ჩაფლავება ჩვენ გადმოგვაბრალოს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს თუ უსულგულოდ და არაადამიანურად მოეპყრობიან, დიდი საპროტესტო აქციები იქნება .
„ასე დარწმუნებული რომ იყოს ოპოზიცია, დიდი ხანია, გასული იქნებოდა პარლამენტიდან.სერიოზული ეჭვები არსებობს, თორემ რატომ არ გადიან? – იმიტომ კი არა, რომ მე ან ვინმეს არ უნდა. „ქართულ ოცნებაში“ ერთი სული აქვთ, ჩვენი პარტნიორების წინაშე თავი იმართლონ და „ეს მარგინალური ჯგუფები“ პარლამენტიდან გავიდეთ, დარჩნენ მარტო და რეკომენდაციების ჩაფლავება, რაც რეალურად ხდება, ჩვენ გადაგვაბრალონ.
თუ ჩვენ პარლამენტში სუსტი ვართ, ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს. 10-მდე კაცი გავიდა პარლამენტიდან, ისინი რომ ყოფილიყვნენ, უფრო ძლიერები ვიქნებოდით. ნიჰილიზმი დაინერგა ამ გაორებული მიდგომით – რატომ შევდიოდით, ან თუ შევედით, რატომ გამოვდივართ. შესვლა – გამოსვლა, არათანმიმდევრულობა. როდესაც საუბარია პარლამენტის დატოვებაზე, ეს უსუსურობის გამოხატულებაა. როდესაც სხვაგან არაფერი გამოგვდის, მაშინ ვამბობთ, რომ აი, პანაცეა – ეს არის გამოსავალი და პარლამენტს რომ დატოვებ, მერე რა ხდება? – როდესაც მხოლოდ ისინი რჩებიან, ერთდღიანი ნიუსები იქნება, მერე რა ხდება? ამას მოგიწონებს, ევროკავშირი, შენი ამომრჩეველი?
პარლამენტის დატოვება შეიძლება მაშინ, თუ ქუჩაში დიდი მუხტია და უკვე არის საზოგადოებრივი უკმაყოფილება. აღელვებისა და მღელვარების უფლება ყველას აქვს და უკიდურესი საპროტესტო ფორმა იქნება გამოყენებული, თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რეალური რისკის ქვეშ დადგა – აქეთ მივდივართ. დღეების საკითხია ეს და მღელვარება კი არა, მას რომ რამე მოუვიდეს, ვინ გაასწრებს იმაზე იქნება საუბარი. ძალიან დიდი საპროტესტო აქციები იქნება, თუ უსულგულოდ და არაადამიანურად მოეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.