“სახალხო დიპლომატიას შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს დამოკიდებულება ერებს შორის,  დააბალანსოს ურთიერთობა ყველა სფეროში” – ვიქტორ კუსიანი

8 დეკემბერს, რუსეთის ქალაქ პერმში,  პირველი საერთაშორისო კონკურსის „სახალხო დიპლომატიის ლიდერი“ ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

აღნიშნულ საერთაშორისო  კონკურსში, მთლიანობაში, მონაწილეობა მიიღეს არაკომერციული სექტორის წარმომადგენლებმა, დიპლომატებმა 23 ქვეყნიდან და რუსეთის 34 რეგიონიდან.

კონკურსი 6-8 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, კონკურსისი მხარდამჭერნი იყვენენ საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები. კონკურსის ჩატარების ადგილი შეირჩა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ქალაქ პერმში.

საყურადღებოა, რომ  ფინალურ ეტაპზე 18 რუსი და 12 უცხოელი მონაწილე გავიდა. მათ შორის ჩვენი თანამემამულე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრო-აზიური ალიანსის“ თავმჯდომარე, იურისტი, უფლებადამცველი, დიპლომატი ვიქტორ (კობა) კუსიანი, რომელმაც საბოლოოდ III ხარისხის ლაურეატობა მოიპოვა (როგორც მესამე ადგილის მფლობელი დაჯილდოვდა დიპლომითა და ბრინჯაოს სამკერდე ნიშნით)!

აღსანიშნავია, რომ პირველი საერთაშორისო კონკურსის ფინალი ხალხთა მეგობრობის პერმის ღია ფორუმისა და ეროვნული ერთიანობის სრულიად რუსეთის IX ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები, აჩვენეს საკუთარი გამოცდილება, ცოდნა, ლიდერობის უნარი და თვისებები, შეასრულეს საკონკურსო ამოცანები, იმუშავეს სატელევიზიო სტუდიაში.

სამდღიანი მუშაობის შედეგად მონაწილეები გაერთიანდნენ ჯგუფებად, რათა ერთობლივად განევითარებინათ იდეები, ინიციატივები, რომლებიც დააინტერესებდა მხარდამჭერთა უმრავლესობას, და, საზოგადოდ, მომავალში ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის იდეების გაძლიერებას – მშვიდობისა და ნდობის განმტკიცებას ადამიანებს, რეგიონებსა და ქვეყნებს შორის.

ამ საინტერესო კონკურსის დეტალებზე გვესაუბრება საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ქართველი პირველი სახალხო დიპლომატი ვიქტორ (კობა) კუსიანი:

— ბატონო კობა, უპირველესად, გილოცავთ დიდ წარმატებას, რადგან ქართველ დიპლომატებს შორის ხართ პირველი საერთაშორისოდ აღიარებული სახალხო დიპლომატი და  ლიდერის ტიტულის მფლობელი.  ვფიქრობ, ქართული დროშის აფრიალება ამ საერთაშორისო კონკურსზე, თუნდაც ქართველი მონაწილის გამარჯვების გარეშე, უკვე დიდი წარმატება  იყო!  კიდევ რომელი ქვეყნის დიპლომატებმა   მიიღეს კონკურსში მონაწილეობა?

— მადლობას მოგახსენებთ მოლოცვისთვის და, რა თქმა უნდა,  გეთანხმებით იმაში, რომ ჩემს მონაწილეობას ამ საერთაშორისო კონკურსში, არაერთი რუსი თუ უცხოელი მონაწილის გვერდით, ქართული დროშის აფრიალებას, საერთაშორისო კომისიისა თუ ჟიურის წინაშე ქართული დიპლომატის სიტყვის წარდგინებას -სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა.

კონკურსში მონაწილოება მიიღეს: ბულგარეთი, იტალიის, მექსიკის, საფრანგეთის, ტუნისის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, რუსეთის, აფხაზეთის, სომხეთის, ყაზახეთის, მოლდოვის, ინდონეზიის და სხვა ქვეყნის დიპლომატებმა.

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სახალხო დიპლომატია დიდ როლს შეასრულებს პროფესიონალური დიპლომატიის ჩართულობაში, რადგან დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, ითხოვს სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას. უნდა ავამოქმედოთ ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო  პროექტები –  სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო. სწორედ ასეთი მიდგომები  დაგვაახლოებს ჩვენს ჩრდილო მეზობელთან და არა მარტო მასთან. გასაგებია, რომ რუსეთი ოკუპანტია. მერე? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ამოვიდეთ რეალობიდან, ადამიანებმა უნდა გადავდგათ ნაბიჯი შერიგებისკენ. უამრავი ტურისტი ჩამოდის რუსეთიდან, ეს, გარდა იმისა, რომ ურთიერთობისკენ გადადგმული ნაბიჯია, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. სწორედ სახალხო დიპლომატიას შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს დამოკიდებულება ერებს შორის,  დააბალანსოს ურთიერთობა ყველა სფეროში. არსებობს ასეთი გამოთქმა, “დიპლომატიის არქონას ომი ეწოდება.”

გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივ ომში ვერ იქნება! ეს დააზარალებს საქართველოს, ხალხს და ჩვენს მომავალს!