სიცრუეზე აწყობილი დასავლეთისთვის სიმართლის თქმა ისეთივე ტრაგედია იქნება, როგორც უკრაინაში რუსეთის გამარჯვება!

მიზანი ჩემი არც გუშინ და არც დღეს რუსეთის დაცვა არ ყოფილა, მაგრამ, როდესაც კოლექტიური დასავლეთის ფლიდ, ურცხვ სახეს ვხედავ — რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს, აღარაფერი მრჩება, გარდა იმისა, სიტყვით მაინც დავიცვა რუსეთი.

აფთრების ხროვით შემორკალურ რუსეთს, ყველა მათგანისგან დაცვა სჭირდება, ვინც კოლექტიური დასავლეთის ფარისიველურ დემოკრატიას ეთაყვანება, ნაცვლად  ნამდვილი დემოკრატიისა და სამართლიანობისა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არაერთ დასავლურ იმედგაცრუებასთან ჰქონდა შეხება ჯერ საბჭოთა კავშირს, შემდეგ მის მემკვიდრე რუსეთს. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ზოგიერთს შეგახსენებთ — უპირველესად, ჩერჩილის ფულტონის სიტყვას, რომელიც პრემიერ-მინისტრობას ჩამოშორებულმა პოლიტიკოსმა, უკვე ყოფილ მოკავშირე საბჭოთა კავშირს მიუძღვნა.

ფულტონის გამოსვლის მიზანი საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის „რკინის ფარდის“ ჩამოფარება იყო, რომლითაც მოხდა ე.წ. დასავლეთის გამოყოფა აღმოსავლეთისგან. „რკინის ფარდასთან“ ერთად დაიწყო „ცივი ომი“, რომელიც 1991 წლის დეკემბრამდე — საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა.

კოლექტიურმა დასავლეთმა, აშშ-ს თაოსნობით, საბჭოთა კავშირის ატომური ბომბებით განადგურებაც დაისახა მიზნად, მაგრამ ბომბების საჭირო რაოდენობის არქონამ თუ სხვა მიზეზებმა აიძულა ის პროექტის განხორციელებისგან ხელი აეღო. საზოგადოებისთვის ცნობილია პენტაგონის პროექტის — საბჭოთა კავშირის ქალაქების, მათ შორის თბილისის ატომური ბომბებით დაბომბვის თაობაზე. პროექტის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად  საბჭოეთის მიერ 1949 წელს ბირთვული ბომბის გამოცდასაც ასახელებენ.

საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა პირდაპირ უკავშირდება ლავრეტი ბერიას. სწორედ მას დაავალა სტალინმა ბომბზე მუშაობა, რასაც ბერიამ წარმატებით გაართვა თავი. და არა მარტო ბირთვული ბომბი შექმნა, არამედ წყალბადის ბომბიც, რომლის შესახებ პოლიტბიუროდან არვინ იცოდა — ცხადია სტალინის შემდგომ პოლიტბიუროდან.

წყალბადის ბომბის არსებობის შესახებ პოლიტბიუროსთვის — მალენკოვის, ხრუშჩოვის, სხვებისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ბომბზე მომუშავე მეცნიერებმა წერილით მიმართეს პოლიტბიუროს — გამოეცადათ თუ არა წყალბადის ბომბი. პოლიტბიურო სახტად დარჩა. კომპარტიის 1953 წლის ივლისის პლენუმზე ითქვა შემდეგი:

„წყალბადის ბომბი ათჯერ ძლიერია ატომურ ბომბზე და მისი აფეთქება ამერიკულ მონოპოლიას წერტილს დაუსვამს. წყალბადის ბომბის გამოცდა მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ნაძირალა ბერიამ თავს უფლება მისცა ასეთი საკითხის გადაჭრა ცენტრალური კომიტეტის გარეშე“.

საბჭოეთის მოტყუების მაგალითია გორბაჩოვ-რეიგანის (აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტი), გორბაჩოვ-კოლის (გფრ-ს მაშინდელი კანცლერი) მოლაპარაკებები, ასევე გორბაჩოვ—ბუშის, ტეტჩერის, მიტერანის (შესაბამისად აშშ-ს პრეზიდენტის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთის პრეზიდენტის) მოლაპარაკებები.

კოლექტიური დასავლეთი თხოვდა გორბაჩოვს გერმანიის გაერთიანებაზე თანხმობას, სანაცვლოდ ვალდებულებას ღებულობდა, რომ ნატო არასდროს შეიყვანდა თავის შემადგენლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს — სოციალისტური ბანაკის ყოფილ წევრებს.

კოლექტიურმა დასავლეთმა არათუ ეს ქვეყნები შეიყვანა ნატოში, არამედ ყოფილი საბჭოთა ბალტიისპირა რესპუბლიკებიც, ხოლო უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ბუქარესტის ნატოს სამიტზე გაწევრებას შეჰპირდა.

აშშ-ს და ნატოს გადაწყვეტილება — აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა ახალი პრეზიდენტის, კლინტონის დროს. ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, მისი ინიციატივით დაიწყო. მოსკოვის პროტესტს მან ასეთი განმარტება შეაგება — ხელშეკრულება ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით არ არსებობს, ხოლო ზეპირი შეთანხმების შესახებ არაფერი ვიციო.

ხელშეკრულება მართლაც არ იყო, მაგრამ იყო ზეპირი დაპირება ბუშის, კოლის, ბეიკერის, სხვა პოლიტიკოსების მხრიდან, რასაც ადასტურებს მოლაპარაკებების დროს გაკეთებული საუბრის ჩანაწერები. დიპლომატიაში საუბრების ჩანაწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასეთი ჩანაწერების მიხედვით, კოლექტიური დასავლეთი ჰპირდებოდა სსრკ-ს, რომ ნატო აღმოსავლეთით „ერთი დიუიმითაც“ არ გაფართოვდებოდა.

ეს დოკუმენტი აშშ-ს არქივში ინახებოდა და შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გასაჯაროება.

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა რუსეთის უსაფრთხოებას, რის შესახებაც პრეზიდენტმა პუტინმა კარდინალურად დასვა საკითხი ვითარების შესაცვლელად, მაგრამ აშშ-ა მიუღებლად ჩათვალა პუტინის წინადადებები და გააგრძელა მუშაობა უკრაინის მიმართულებით, რასაც მოჰყვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეციალური ოპერაცია.

დღეს ხშირად სვამენ კითხვას — რა იქნებოდა თუ რუსეთი თავს შეიკავებდა სამხედრო ოპერაციისგან? — იქნებოდა ომი, ოღონდ უკრაინელთა მხრიდან, დონბასის გასათავისუფლებლად, რასაც მოჰყვებოდა რუსეთის სამხედრო ჩარევა.

ომი გარდაუვალი იყო, ვინაიდან სურვილი ამისა ჰქონდა კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც 2014 წლიდან, მაიდნის გადატრიალებიდან დაწყებული, ინტენსიურად აიარაღებდა უკრაინას, ტრენინგებს უტარებდა უკრაინის სამხედროებს, ეხმარებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში ბეტონის სამალავების მშენებლობაში და სხვა.

როგორც გერმანიის ექს-კანცლერმა მერკელმა ბოლო ინტერვიუში “ბრძანა”, უკრაინის დღევანდელი არმია ის აღარაა, რაც 2014 წელს, როდესაც მარცხი განიცადა დონბასის სახალხო მილიციის შენაერთებთან ომში. კოლექტიურმა დასავლეთმა ყველაფერი იღონა უკრაინის პოლიტელიტის, სამხედროების ფეხზე დასადგომად, რათა მათ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გაემართათ რუსეთისთვის.

უკრაინელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით პრეზიდენტი ზელენსკი უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს დასავლეთში. დასავლური პროპაგანდისტული მანქანა მილიონებს ხარჯავს მსოფლიო საზოგადოებისთვის უკრაინის ისე წარსადგენად, თითქოს უმანკო კრავი იყოს.

არვინ აქცევს ყურადღებას იმ სამხედრო დანაშაულებს, ტერორისტულ აქტებს, რასაც უკრაინის ფაშისტური რეჟიმი სჩადის. ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავედ რუსეთი ცხადდება.

გათახვედებული ზელენსკი და მისი გუნდი დაჟინებით გაჰყვირიან რუსი სამხედროების სისასტიკეზე, ბავშვების ხოცვაზე, ქალების გაუპატიურებაზე, რასაც ადგილი არ აქვს.

დასავლური პროპაგანდა მიზანს აღწევს ალტერნატიული პროპაგანდის არარსებობის გამო. განსხვავებული აზრი, გამოთქმული მედიაში, იდევნება. კოლექტიურ დასავლეთში აკრძალულია რუსული ტელეგადაცემები. კოლექტიური დასავლეთის ხელმძღვანელობა საკუთარ მოსახლეობას უმალავს სინამდვილეს. აშშ-ევროპის მოსახლეობამ იცის, რომ „საწყალი უკრაინა“ „მტარვალი რუსეთის“ მსხვერპლია. მან არ იცის, რომ უკრაინა დაავადებულია ნეოფაშიზმის ბაცილით, რომლის განკურნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ დასავლეთი დაიკავებს სიმართლის პოზიციას, რაც შეუძლებელია, ვინაიდან სიმართლე არასდროს ყოფილა კოლექტიური დასავლეთის დამახასიათებელი თვისება.

სიცრუეზე აწყობილი დასავლეთისთვის, სიმართლის თქმა ისეთივე ტრაგედია იქნება, როგორც უკრაინაში რუსეთის გამარჯვება. ამიტომაც, ინტენსიურად ვრცელდება ფრონტზე უკრაინელთა წარმატებების შესახებ ზღაპრები, რომლებსაც იჯერებს კოლექტიური დასავლეთის საზოგადოება და არა მარტო ის, ჩვენი საზოგადოებაც – მას ხომ აქაც აუკრძალეს რუსული საინფორმაციო ტელეარხების ყურება!

უკრაინაში მიმდინარე ომისა და უკრაინის ხელისუფალთა ქმედების თაობაზე საქართველოს საზოგადოებამ იცის ის, რაც აწყობს ქართულ პოლიტიკას — ხელისუფლება-ოპოზიციას. ამ შემთხვევაში ისინი ერთი აზრისანი არიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი დაქირავებული „ბოევიკები“ ხელისუფლებამ გმირებად გამოაცხადოს და ისეთივე პატივი მიაგოს, როგორც აფხაზეთში დაღუპულებს.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც რევერანსებს გამოხატავს უკრაინის ხელისუფალთა მიმართ, მაგრამ აქაც ოპოზიცია გაცილებით აქტიური და თავგასაპნულია. ის მზად არის, ოფიციალური კიევის ყველა მოწოდების შესასრულებლად, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნის და სანქციების დაწესების.

მავანი შემედავება, ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, მაშინ საწინააღმდეგოდ მოიქცეოდაო. ვერ დაგეთანხმებით. დღევანდელი ოპოზიცია, გუშინდელი ხელისუფლებაა.  დღევანდელი პატიმარი სააკაშვილი, გუშინდელი პრეზიდენტია — ცხინვალის ომის გამჩაღებელი.

ხელისუფლებას უდავოდ ჯობნის ოპოზიცია ზელენსკის მიმართ დითირამბების ფრქვევაში — პიროვნების, პრეზიდენტის, რომელმაც ფქტობრივად აკრძალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, გაძარცვა მისი ქონება, დააპატიმრა მღვდელები, დაარბია მრევლი და ა.შ.

ნეოფაშისტი უკრაინის ხელისუფალთაგან არაფერია გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია ე.წ. დემოკრატიული დასავლეთისგან, ისე, როგორც მართლმადიდებელი საქართველოსგან. მათ ხომ საპროტესტოდ სიტყვაც არ დაუძრავთ!!!

რელიგიური დღესასწაულების დროს სამების ტაძარში სანთლების დანთება და ტელეკამერების წინ „მარიაჟობა“ სულაც არ არის ხელისუფლება-ოპოზიციის მართლმადიდებლური სულისკვეთების გამოხატულება.

დასავლეთის მიერ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაშლილი ომი საქართველოსაც ეხება. მართლმადიდებელი მუდამ მზად უნდა იყოს მის დასაცავად  აქაც და იქაც — ამჟამად გაფაშისტებულ უკრაინაში.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი