უზბეკეთიდან ევროპაში შუა დერეფნის გავლით პირველი სატვირთო მატარებელი გაიგზავნა

უზბეკეთმა ევროპაში შუა დერეფნის გავლით პირველი საკონტეინერო მატარებელი  გაგზავნა. ამის შესახებ კომპანია “Uzbekiston temir yullari” (“უზბეკეთის რკინიგზა”) პრესსამსახური იტყობინება.

ტვირთის გაგზავნა სს Uztemiryulkonteyner-ის მიერ იყო ორგანიზებული. მატარებელი შედგება ალმალიკის სამთო და მეტალურგიული კომბინატის (AGMK) სპილენძის კონცენტრატით დატვირთული 46 ვაგონისა და 91 ოცფუტიანი კონტეინერისგან.

მატარებელი სარკინიგზო სადგურ სერგელიდან 16 დეკემბერს გავიდა. მას მოუწევს 4000 კმ-ზე მეტის გადალახვა უზბეკეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ბულგარეთი/ევროპა მარშრუტზე.

ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ პარტნიორები სამი ქვეყნიდან: TLCT OJSC (თურქმენეთი), ADY Container LLC (აზერბაიჯანი) და GR Logistics and Terminals (შპს ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერ, მისი 100%-იანი წილის მფლობელია სს „საქართველოს რკინიგზა” – „აიპრესი”).

უზბეკეთი, რომელიც თავისი ტვირთის ზღვამდე მისატანად მინიმუმ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტს საჭიროებს,  ცდილობს განავითაროს სახმელეთო და სარკინიგზო ტრანსპორტი სხვადასხვა მარშრუტებზე. დეკემბრის დასაწყისში უზბეკეთის რკინიგზამ ყაზახეთისა და რუსეთის გავლით ლიტვაში საკონტეინერო მატარებელი გაუშვა.

შუა დერეფანი იგივეა, რაც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TCITR). ის გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და შემდგომ ევროპის ქვეყნების გავლით. ტრანსპორტი მოიცავს სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებს (კასპიის ზღვით). მარშრუტის სიგრძე 11 ათასი კილომეტრია, გამტარუნარიანობა 4,5 მილიონიდან 27 მილიონ ტონამდე წელიწადში. TCITR-მა ფუნქციონირება 2017 წელს დაიწყო.

საერთაშორისო ასოციაცია TCITR აერთიანებს მაგისტრალური ინფრასტრუქტურის 20-ზე მეტ მფლობელს და გადამზიდველს 8 ქვეყნიდან. ესენია აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ჩინეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა და თურქეთი. 2021 წლის ზაფხულში უზბეკეთმა პროექტის მონაწილეებთან ასოცირებული წევრის სახით შეერთების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ასოციაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ასტანაში.