ლოს-ანჯელესის ჟიურიმ პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნო გაუპატიურების კიდევ ერთ საქმეში. ამის შესახებ სააგენტო AP იტყობინება.
რვა მამაკაცისა და ოთხი ქალისაგან შემდგარმა ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, იძულებით ორალურ სექსში და სექსუალური შევიწროების ეპიზოდში. სამივე ბრალდება ერთსა და იმავე ქალს ეხება, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ჟიურიმ განაცხადა, რომ მათ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება კიდევ ორ ეპიზოდზე, რომელშიც მონაწილეობდა ორი ქალი, მათ შორის ჯენიფერ ზიბელი, მსახიობი და კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის მეუღლე.
ამ ეპიზოდებზე სასამართლო პროცესი ორი თვე გაგრძელდა. მათი უმრავლესობა 2004 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში და, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ისინი ლოს-ანჯელესის ბევერლი ჰილზის რაიონში მდებარე სასტუმროებში მოხდა. ამ ბრალდებით ვაინშტაინს 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, წერს AP.
ყოველგვარი სასამართლო მტკიცებულების ან სხვა თვითმხილველების ჩვენების არარსებობის პირობებში, საქმე დიდწილად დამოკიდებული იყო ოთხი ქალის ისტორიის დამაჯერებლობაზე, წერს სააგენტო. ვაინშტაინის დაცვა ამტკიცებს, რომ ორმა ქალმა მთლიანად მოიტყუა მასთან შეხვედრის შესახებ, ხოლო დანარჩენ ორს ჰქონდა “100 პროცენტიანი შეთანხმებული” სექსუალური ურთიერთობა.
2020 წლის მარტში ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების ბრალდებით.
ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს მირიამ ჰეილის ასისტენტის ორალური სექსის იძულებაში, ასევე სტილისტის ჯესიკა მანის გაუპატიურებაში. ამავდროულად, ვაინშტაინი გაათავისუფლეს კიდევ სამი უფრო სერიოზული ბრალდებისგან.
ვაინშტაინის მიერ სექსუალური ძალადობის მრავალი შემთხვევა ცნობილი გახდა 2017 წელს – The New York Times-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. საერთო ჯამში, 80-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა ვაინშტაინი გაუპატიურებაში, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საქმე მივიდა სასამართლომდე.