ხაჭაპურიძე: სააკაშვილთან მოჰყავთ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია

სააკაშვილთან მოჰყავთ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია, რომელსაც გახარიას პარტიის წევრმა შარდი არ ჩააბარა – ასეთი ანეკდოტური სიტუაცია გვაქვს – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ზოგადად ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ მოწამლულია, მოწამლულია პენიტენციური დაწესებულების სისტემაში. ანუ იუსტიციის დაქვემდებარებაში მყოფ სისტემაში და იუსტიციის დაქვემდებარებაშია სამხარაულის ექსპერტიზაც. ანუ, მე თუ მოვწამლე, მოდის ჩემი უწყების გამომძიებელი და ჩემივე უწყების ექსპერტიზა ატარებს გამოკვლევას. ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩამოიყვანონ საერთაშორისო დონის ექსპერტები, როგორც ჩვენ ჩამოვიყვანეთ სანდო ექსპერტიზა და მაშინ კითხვის ნიშნები არ იქნება. სულ იქნებ ეს კითხვის ნიშნები, ანუ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არის ორი შტო, ერთი არის პენიტენციური სამსახური მეორე – სამხარაულის ექსპერტიზა და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კაცი მოიწამლა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სისტემაში და ახლა მოჰყავთ იუსტიციის  სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია, საექსპერტო ბიურო, რომელსაც გახარიას პარტიის წევრმა შარდი არ ჩააბარა – ასეთი ანეკდოტური სიტუაციაა. ეს არის თავის გადარჩენის მცდელობა, რომ რამენაირად აირიდონ პასუხისმგებლობა”- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.