„როიტერი“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უყრაინაზე მასშტაბური შეტევის განახლებასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელმძღვანელობაში არაერთგვაროვანი პოზიციები აქვთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში უყრაინაზე მასშტაბური შეტევის განახლებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი პოზიციები აქვთ.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მათივე ცნობით, ვაშინგტონში ასევე აცხადებენ, რომ აშშ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას.

„ცხადია, რუსეთში არის ზოგიერთი, რომელიც, ჩემი აზრით, უკრაინაში შეტევის გაგრძელების მომხრეა, თუმცა არსებობენ სხვებიც, რომლებსაც რეალური კითხვები აქვთ რუსეთის შესაძლებლობასთან, განახორციელოს ახალი შეტევა“, – აღნიშნა სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას აშშ-ის საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გასულ კვირას „ეკონომისტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ამზადებს 200 000 ჯარისკაცს, რათა უყრაინაზე შეტევა განაახლოს აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან ან თუნდაც ბელარუსის მხრიდან და ეს შეტევა შესაძლოა, იანვარში ან გაზაფხულზე დაიწყოს.