მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ლობიზმი დასავლური დემოკრატიის უმძიმესი სენია, რომელშიც დღეს უამრავი თანხა იხარჯება.
„ლობიზმი დღეს დასავლური დემოკრატიის უმძიმეს სენად იქცა, რომელიც, პრაქტიკულად, დემოკრატიისთვის ადგილს არ ტოვებს. დემოკრატიაა, როცა ხალხი ძალაუფლების წყაროა, არჩეული ხელისუფლება კი ხალხს ემსახურება. როდესაც ლობისტები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ მათი კანონპროექტების ლობირებაში, იქ დემოკრატია კი აღარ არის.
პრაქტიკულად, პოლიტიკა და დემოკრატია ვაჭრობაში გადავიდა, ვაჭრობაში კი, ბუნებრივია, ის იმარჯვებს, ვისაც მეტი ფული აქვს და მეტსაც დახარჯავს. შესაბამისად, დასავლური დემოკრატიისთვის ეს ყველაზე მძიმე გამოწვევაა. ეს ეხება აშშ-საც, ევროპასაც, ევროკავშირსაც და ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებსაც. თითქოს გამოსავალი ასეთი მოინახა, რომ რადგანაც კორუფციასთან და მექრთამეობასთან ბრძოლა ძალიან ძნელია, ამის დაკანონება მოხდა, რამაც ძალიან მძიმე შედეგი მოგვცა.
დასავლეთში რამდენიმე ათეული ათასი კი არა, რამდენიმე ასეული ათასი ლობისტი საქმიანობს, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკაზე გავლენა მოახდინონ – პოლიტიკისთვის ადგილი აღარ რჩება. ეს ძალიან ბევრ რამეზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ამის პირდაპირ გავლენას ვხედავთ ევროპარლამენტარების განცხადებებში საქართველოზე, ევროპარლამენტის იმ რეზოლუციებში საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებსაც რეალობასთან კავშირი არაფერი აქვს – ეს რომ ტყუილია, ზედაპირზეც ვხედავთ. ამის პირდაპირი კავშირი არაერთხელ დავინახეთ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებშიც კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით, რომლებიც „ფრონტერასგან“ ფულს ღიად იღებდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლიდა. ამ დროს „ფრონტერა“ საქართველოში 25 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და მას არაფერი გაუკეთებია არც ნავთობის მოძიებისთვის, არც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ძირითადად, მთელი მისი საქმიანობა რეალურად ეს იყო – მას დასავლეთში ძალიან ძლიერი ლობისტები ჰყავდა. სწორედ ამ ლობისტების გავლენით ცდილობდა, საქართველოს ხელისუფლებაზე ისეთი ზეგავლენა მოეხდინა, რომ მას მუდმივად უგრძელდებოდა კონტრაქტი, თუმცა ის კონტრაქტის პირობებს არ ასრულებდა. საბოლოოდ რა მივიღეთ? – ამ კომპანიას დაახლოებით მილიონი დოლარი მარტო ლობისტებში ჰქონდა დახარჯული, მილიონზე მეტი ვალი კი ქართველი თანამშრომლების ჰქონდა, რომლებსაც ხელფასებს არ უხდიდა. აღარ მივდივარ უფრო შორს – რომ „ფრონტერას“ დამფუძნებლებიც თავის დროზე ამერიკული პოლიტიკის მაღალჩინოსნები, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, რომ ლობიზმი სერიოზულ როლს ასრულებდა იმ ცილისმწამებლურ კამპანიაში, რომელიც საქართველოს მიმართ ამ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით იყო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.