საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უყრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს როგორც უყრაინამ, ასევე რუსეთმა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მაკრონის თქმით, ომი უყრაინაში მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.
„მშვიდობა მოითხოვს მოლაპარაკებას, უპირველეს ყოვლისა, გარანტიებს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეს ეხება უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მხარისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის ხალხი, ვინც ამის მომზადებაზე და ამაზე მუშაობაზე უარს ამბობს, სრულმასშტაბიანი ომის მომხრეა, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს“.
როგორც „ტე-ეფ 1“ წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საჭიროებაზე საუბრობს. მაკრონმა მანამდეც განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის აღდგენა უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთისთვისაც.
„ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთისთვის არის შიში, რომ ნატო მიუახლოვდება მის კარს, ეს ეხება შეიარაღების განთავსებას, რომელსაც შეუძლია, საფრთხე შეუქმნას რუსეთს“, – განაცხადა მაკრონმა.