ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის წინასწარი პატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივა

ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის წინასწარი პატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივა. კორუფციაში ბრალდებული ევა კაილი შობას საპატიმროში შეხვდება.

მედიის ინფორმაციით, ადვოკატები ევა კაილის ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ერთი თვით გახანგრძლივება გადაწყვიტა. ევა კაილის ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 24 საათის განმავლობაში შეუძლია და მის საჩივარს 15 დღეში განიხილავენ, თუმცა, ადვოკატის თქმით, ისინი სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვას არ აპირებენ.

ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ორი კვირაა, ციხეშია. მას ქრთამის სანაცვლოდ კატარის ინტერესების უკანონოდ ლობირებაში ედება ბრალი. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი პირი, მათ შორის ერთი ყოფილი ევროპარლამენტარი. ევა კაილი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.