მიხეილ ყაველაშვილი – ბესელია, ხიდაშელი, სანიკიძე ოპოზიციაში ყოფნისას საშინელ ფაქტებს ჰყვებოდნენ, რომლებზეც ახლა საუბარი მე მიწევს, ნუთუ არ რცხვენიათ

ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე 2007-2008 წლებში ოპოზიციაში იყვნენ და იმ საშინელ ფაქტებს ჰყვებოდნენ, რომლებზეც ახლა საუბარი მე მიწევს. ირინა ენუქიძესთან სწორედ ეს ადამიანები ისხდნენ და მოთქვამდნენ, როგორი სამარცხვინო რეჟიმი არსებობდა. ნუთუ არ რცხვენიათ, საკუთარ შვილებს როგორ უყურებენ თვალებში და სააკაშვილის სიმულაციას გვასაღებენ, რომ კვდება და დავეხმაროთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილი გამოეხმაურა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელსაც, მათ შორის, ხელს აწერენ ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეს ადამიანები კოჰაბიტაციის მომხრეები იყვნენ და უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ დამდგარიყო.

„ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან, ამიტომ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. არქივიდან ამოიღეთ, რას საუბრობდნენ სააკაშვილზე ხიდაშელი, სანიკიძე, ფოფხაძე, ბესელია, მარგველაშვილი და სწორედ ეს გაუშვან „სიენენზე“. ეს ადამიანები 2012 წელს იყვნენ ხელისუფლებაში. საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, რომ კოჰაბიტაციის მომხრეები იყვნენ და სწორედ მათ უზრუნველყვეს, რომ სამართლიანობა არ დამდგარიყო. სწორედ ეს აგენტურაა, რომელიც სის სათავეშია და რას ითხოვენ? სპეცოპერაცია ტარდება და აჩვენებენ, რომ სააკაშვილმა წვერი არ გაიპარსა, თმა ჩამოიშალა, თითქოს ვერ დადის და ასე შემდეგ. ეს არ არის განვითარებული დასავლეთი, ეს არის სპეცოპერაცია იმ ადამიანების, რომელთაც სურთ, საკუთარი სურვილები აისრულონ, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნან და მმართველობაში ყურმოჭრილი მონები ჰყავდეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.