მიხეილ ყაველაშვილი – სააკაშვილის შესახებ „სიენენზე“ შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „სიენენზე“ შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც ასობით ჩახოცილი ადამიანი იყო ქუჩაში, სააკაშვილს, როგორც დემოკრატიის შუქურას, „სიენენზე“ რეგიონის განვითარების შესახებ ალაპარაკებდნენ.

„მიხეილ სააკაშვილი არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის პატიმარი. როცა „სიენენზე“ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუები მიმდინარეობდა, სწორედ მისი მმართველობის დროს, პარალელურ რეჟიმში სანდრო გირგვლიანს კლავდნენ, აუპატიურებდნენ პატიმრებს, ადამიანებს ართმევდნენ ქონებას და მას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა სწორედ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, 25 ათასი პატიმრის ყოლა, ოთხკაციან საკანში 30 პატიმრის ყოფნა, 300 ათასი პრობაციონერის არსებობა, ასობით ჩახოცილი ადამიანი იყო ქუჩაში. ეს ადამიანი მაშინაც კი „სიენენზე“ გამოჰყავდათ, როგორც დემოკრატიის შუქურა და რეგიონის განვითარებაზე ალაპარაკებდნენ. სააკაშვილთან დაკავშირებით გავიდა შეკვეთილი სიუჟეტი. თუ ამ შემოტევას ქართული სახელმწიფო ვერ გაუძლებს, იგივე წრეზე წავალთ და მონები ვიქნებით. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც სააკაშვილის მსგავს კომფორტში იქნება პატიმარი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.