“ივანიშვილი, შესაძლოა, მძიმე მეტალებით მოწამლონ” – სევდია უგრეხელიძის სკანდალური ინტერვიუ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, კლინიკა “ვივა-მედის” შიდა ვიდე-კამერის ჩანაწერებიდანაც. მიხეილ სააკაშვილის ვიზუალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებისთვის, თითქმის, რვა თვის მანძილზე მიუწვდომელი იყო, მანამ, სანამ ის ვიდეო-კადრები არ გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტია ჩაწერილი. რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიხეილ სააკაშვილის ამ ფორმით წარდგენა საზოგადოების წინაშე, ეს ცალკე საკითხია, თუმცა, მისი მდგომარეობა, რომ სავალალოა, ამაზე საზოგადოებაც და ოპოზიციაც თანაბრად თანხმდება. განსხვავებული პოზიცია კი, მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აქვთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი სიმულიანტობს.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, სევდია უგრეხელიძე “თაიმერთან” ინტერვიუში საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, მძიმე მეტალებით მოწამლონ. წინასწარ არავინ იცის რა მოხდება, თუმცა, უგრეხელიძე ჩვენთან ინტერვიუში ხსნის, თუ კონკრეტულად, რა საფრთხეებზეა საუბარი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე, მიხეილ სააკაშვილის პროცესებთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში, არც სასამართლო მოქმედებს კანონის მიხედვით და არც მმართველ გუნდს აქვს სამართლიანი პოზიცია.
– როგორ შეიძლება კანონის დაცვაზე ვისაუბროთ იქ, სადაც უმაღლესი თანამდებობის, ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (მათ სამი არჩევნები გააყალბეს და ახლა ისინი, უკანონოდ არიან ხელისუფლებაში), ყოველდღიურად გამოდიან და ეკრანიდან მითითებებს აძლევენ მოსამართლეს, თუ, როგორ არ შეიძლება პრეზიდენტის გათავისუფლება და რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობს, რომელიც უკვე ჩრდილსაც კი აღარ ჰგავს. როგორ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში სასამართლო პროცესების მიმდინარეობა კანონიერი იყოს?! ასევე, მოპასუხე მხარე, ვინმე, ურთმელიძე, (რომელიც თვითონ არის მითითებული დაცვის მხარის მიერ, როგორც მონაწილე წამებისა და მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაუხმარებლობის) რომელიც მოწმედ უნდა დაიკითხოს, ამ დროს კი გამოდის და სასამართლო პროცესებში იღებს მონაწილეობას სულ სხვა, ანუ, ბრალმდებლის სტატუსით. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც მთელი ეს პროცესი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მიმდინარეობს უკანონოდ და უსამართლოდ!
– თუკი, ეს უკანონობაა, რატომ ხუჭავს თვალს ამგვარ უსამართლობაზე ქართული სასამართლო?
– ამის ახსნა ერთადერთი მიზეზით შემიძლია, რომ ივანიშვილს და მის “ხელის ბიჭებს” ეშინიათ პუტინის, რომ ის დარიშხანი, ვერცხლის წყალი, ან, კიდევ პოლონიუმი, რაც მიართვეს სააკაშვილს, მიაღებინეს და მოწამლეს მესამე პრეზიდენტი (საუკეთესო რუსული მეთოდებით), რომ მათაც არ გაუმასპინძლდნენ ამით. ეჭვი არ მეპარება, ივანიშვილის გარემოცვაში, მის მომსახურე პერსონალში იქნება ისეთი ვინმე, ვისი მეშვეობითაც შესაძლებელია, რომ მასაც მიაღებინონ მძიმე მეტალები და ეს მან ძალიან კარგად იცის და სწორედ, ამის ეშინია ყველას. იმიტომ, რომ პუტინის დაზვერვით და “ფე.ეს.ბე”-თი არის გაჯერებული საქართველოს მთელი სახელისუფლებო და არასახელისუფლებო სტრუქტურები. ასე, რომ ეს ყველას შეიძლება მიართვან ჭიქა ჩაისთან, ან წყალთან ერთად და მათ ამის შიში ნამდვილად აქვთ. ამიტომაც, სააკაშვილს კანონით მინიჭებული უფლების, მკურნალობის, რეალიზაციის საშუალებას არ აძლევენ.
– რუსულ მეთოდებზე საუბრობთ … კონკრეტულად, რომელი მსგავსი ფაქტის შედეგები იგულისხმეთ?
– იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასეთი არაადამიანობა არ ჩაუდენია თვითონ პუტინსაც კი თავისი ოპონენტების მიმართ. გავიხსენოთ, ალექსეი ნავალნის შემთხვევა, ის გაშვებული იყო სამკურნალოდ, შემდეგ, დაბრუნდა და როგორც მოგეხსენებათ, ახლა ციხეში ზის, მაგრამ მონები ხომ ვერ მოიქცევიან ისე, როგორც მათი ბატონები?! მონისთვის შეუძლებელია იმის გაკეთება და დაშვება, რის უფლებასაც ბატონი აძლევს თავის თავს. ამიტომ, შიშით არიან შეპყრობილი და ეს შიში არის ძალიან სახიფათო, რადგან მათი ეს “შიში” სააკაშვილს მოკლავს! თუმცა, ისინი მხედველობის მიღმა ტოვებენ ერთ რამეს: ადრე, თუ გვიან, რუსეთი დამარცხდება უკრაინასთან და მთელი დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროსთან ომში და ამის შემდეგ, უკვე მათ რა ელის, ამაზე ისინი არ ფიქრობენ, ან ფიქრობენ, მაგრამ არ იციან რა გააკეთონ.
– მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას სერიოზულად არ აღიქვამენ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი სიმულიანტობს…
– რა თქმა უნდა, რამდენს გაუძლებს სააკაშვილის ორგანიზმი, ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მათი სურვილი და მათი მიზნები გამოხატულია თანამდებობის პირების გამოსვლებში და იმ ცინიკურ და არაადამიანურ განცხადებებში, რომელიც არის უნიჭო სიმულიაცია და ა.შ. თუკი, უნიჭობაზე ვისაუბრებთ, ამაზე უფრო უნიჭო მსახიობები და პერსონაჟები, რომლებიც ამ აზრებს აჟღერებენ, საქართველოს არ უნახავს!
– ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს მაშინდელ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს გულისხმობთ?
– დიახ, შევარდნაძის ოპოზიციაშიც ვიყავი, მაგრამ მისი ხელისუფლება, სოლომონ ბრძენების ნაკრები არის ამათთან შედარებით, კომუნისტური ნომენკლატურა. ესენი კი არიან, ძირითადად, წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი, მაგრამ ვინც წერა-კითხვა იცის და მე მხედველობაში მაქვს მაგალითად: კობახიძე, წულუკიანი, ისინი ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებული რას აშავებენ. მათ საფრთხეც იციან, ჯილდოც (რომელსაც ჯიბეში იდებენ), მაგრამ ჯილდოს არჩევენ. მათ, ხელი გაურბით ამ ჯილდოსკენ და იმ საფრთხეებს არ ითვალისწინებენ, რაც შემდეგ ელით.
ავტორი: მზეკო ჟვანია
წყარო: timer.ge