შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ან აშშ-ის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებაში ითხოვს

ჩვენ თანახმა ვართ, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ოღონდ კანონის სრული დაცვით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი ითხოვენ, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდეს ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ან აშშ-ის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებაში, ისე რომ აღნიშნული უცხოური ბიუროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და აიღონ საჭირო ანალიზები.

„გამომძიებელი უკვე იმდენჯერ იყო მოსული, არც ერთხელ არცერთი დადგენილება, არცერთი ოფიციალური დოკუმენტი არ მოუტანია, რა ტიპის ექსპერტიზას ატარებს.

ჩვენ თანახმა ვართ, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ოღონდ კანონის სრული დაცვით, დადგენილებითა და ასე შემდეგ. ჩატარდეს ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ან აშშ-ის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებაში, ისე რომ აღნიშნული უცხოური ბიუროს წარმომადგენლები ჩამობრძანდნენ, აიღონ, დალუქონ, წაიღონ და გასცენ ექსპერტიზის დასკვნა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.