ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი” ავრცელებს.
შაბათს თალიბანის მთავრობამ ყველა უცხოურ და ადგილობრივ არასამთავრობო ჯგუფს უბრძანა, შეაჩერონ ქალების სამსახურში მიღება.
ეკონომიკის მინისტრის კარი დინ მუჰამედ ჰანიფის წერილში ნათქვამია, რომ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არ შეასრულებს ბრძანებას, გაუქმდება ავღანეთში საქმიანობის ლიცენზია. წერილის შინაარსი „ასოშეიტედ პრესს” სამინისტროს სპიკერმა აბდულ რაჰმან ჰაბიბმა დაუდასტურა.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მიიღეს „სერიოზული საჩივრები” არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე ქალ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იცავენ სათანადო „დრესკოდს” და არასწორად ატარებენ ჰიჯაბს.
„ასოშეიტედ პრესის” თქმით, მისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, ბრძანება ეხება ყველა ქალს თუ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ავღანელ ქალებს.
ასევე შაბათს, თალიბანის უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი იმ ქალების დასაშლელად, რომლებიც ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰერათში ქალებისთვის საუნივერსიტეტო განათლების აკრძალვას აპროტესტებდნენ. თალიბანის მმართველებმა სამშაბათს სტუდენტ ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალეს.