არ ვიცით, რას გააკეთებს სასამართლო. რასაკვირველია, ეს დაუჯერებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლებამ, მათ შორის მე, არ ვიცით, რას იზამს სასამართლო, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.
“ისე თუ მოხდა, რომ სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასჯელის აღსრულების გადავადება საფუძვლიანად არ მიიჩნია, „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ ჯერ შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას, იქნება ეს 29-ში, 28-ში თუ შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ეს ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ეს იქნება მორიგ ჯერ ვითომ გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, სიცოცხლით და ბედით თამაში, რადგან მათ ჰგონიათ, რომ, რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ, სააკაშვილით უნდა ითამაშონ, რათა რამე გამოუვიდეთ. იმედს ვიტოვებ, მოვა დღე, როცა სააკაშვილი გაბრაზდება და ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს დაუსვამს. ხელმოცარული პოლიტიკოსები დაკავებული არ იქნებიან მისი ბედით თამაშით და დაკავდებიან პარტიის რეორგანიზაციით, აწყობით, მოწყობით, თუ ესეც გვიანი არ არის” – განაცხადა თეა წულუკიანმა.