დმიტრო კულება აცხადებს, რომ უყრაინა დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხს დააყენებს

უყრაინა დღეს რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენი კითხვა მარტივია: აქვს კი უფლება რუსეთს, რჩებოდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად და, საერთოდ, იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში? ჩვენ გვაქვს მტკიცე და არგუმენტირებული პასუხი: არ აქვს უფლება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოუვა რუსეთს მას შემდეგ, რაც ის მის მიერვე წამოწყებულ ომში დამარცხდება, უკვე აღარ წარმოადგენს ტაბუს საერთაშორისო დიპლომატიისთვის.

„ეს საკითხები ჯერ არ განიხილება პრესკონფერენციებზე და მსოფლიო ლიდერების საჯარო განცხადებებში, მაგრამ ერთი დონით დაბლა ამ საკითხზე საუბრობენ. კერძოდ, როგორი უნდა იყოს რუსეთი, რომ ის მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, – განაცხადა კულებამ.