ეკა ბესელია: „ოცნების“ ყმაწვილებს, პრეზიდენტის ინსტიტუციის მიმართ, უპატივცემულობის გამოხატვა სჩვევიათ

„ოცნების“ ყმაწვილებს, პრეზიდენტის ინსტიტუციის მიმართ, უპატივცემულობის გამოხატვა სჩვევიათ – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროა უპატივცემულო დამოკიდებულება, არა პერსონალურად პრეზიდენტის, არამედ ინსტიტუტის მიმართ. ბუნებრივია, ეს არ არის ნორმალური და კარგი სტანდარტი, იმიტომ, რომ პიროვნული კონფლიქტი გადაიზარდა ინსტიტუციურ კონფლიქტში. პრეზიდენტი არ არის მორჩილი, პრეზიდენტი არ არის მმართველი პარტიის დანამატი, პრეზიდენტი არ არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი. ის დამოუკიდებლად პოზიციონირებს, ცდილობს აჩვენოს ამ ინსტიტუციური ნდობის არ არსებობის პირობებში, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით სახელმწიფოს წარმოადგენს ქვეყნის შიგნით, გარეთ და ის არის მეთაური, მას აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. არ უყვართ, არ მოსწონთ, აკრიტიკებენ პრეზიდენტს. „ოცნების“ ყმაწვილებს  ძალიან უპატივცემულოდ სჩვევიათ გამოხატვა ამ კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ და მე ძალიან მომწონს, რომ პრეზიდენტი ამის ხაზგასმას აკეთებს. იქ სადაც არ იცავენ ინსტიტუციურ წესრიგს, იქ სადაც არ ხდება იმ აუცილებელი მინიმალური წესების დაცვა, დიახ, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ამაზე რეაქცია“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას – „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, – აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.