პრეზიდენტი მნიშვნელოვან კონფერენციაზე თუ სკამის ცუდად დადგმის გამო არ მივიდა, რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მგონია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, წესით პრეზიდენტი უნდა იყოს. სკამის დადგმის გამო თუ არის, გამოვასწორებდით, მობრძანებულიყო. რადგან არ დაესწრო, მეგონა, ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა. რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე – პროტოკოლით, სიტყვა ვისზე წინ ან შემდეგ თქვას, ამის გამო რომ არ ესწრება ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას…
როდესაც მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია, ამ დროს სიტყვა არ დაგითმეს, თუ სკამი ცუდად დგას, ამის გამო არ მიხვიდე, ამას მერჩივნა ის მიზეზი ყოფილიყო, რაც მეგონა, რომ ავად იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ..
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას – „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, – აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.