ხატია დეკანოიძე: რაც ანი წითლიძემ გააკეთა, არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე სხვა რომელიმე პოლიტიკური აქტი – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„12 დღის განმავლობაში, როგორც მე, ასევე ჩვენი მეგობრები და ექიმები 24 საათის განმავლობაში ვიყავით ანისთან. მიუხედავად იმისა, რომ ანის ვიცნობდი, ჩემში ამ ადამიანმა გადაინაცვლა სხვა განზომილებაში.
დღეს, დილიდან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ანისთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ მისი კრიტიკული ზღვრის და მაჩვენებლების გაუმჯობესება ამ ეტაპზე, პარლამენტის შენობაში ვერ მოხდება.
ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ოპოზიციური ფლანგიდან თუ სამთავრობო, ვინც იტყვის, რომ ანის თავგანწირვის აქტი შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა, ეს ადამიანი ჩემგან დაიმსახურებს სერიოზულ და ღრმა კრიტიკას. მე, როგორც მისი მეგობარი ბედნიერი ვარ, რომ ანი მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს.
მე ანის მადლობას არ ვუხდი, მაგრამ ის რაც მან გააკეთა, არის გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე სხვა რომელიმე პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში მე-12 დღეა შიმშილობს.
წითლიძესთან ერთად, 15 დეკემბერს, შიმშილობა პარტიის კიდევ ორმა წევრმა – დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს, 16 დეკემბერს კი მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა. სამივე მათგანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა უკვე შეწყვიტა.