იმედია, ევროკავშირის მორიგი გეოპოლიტიკური ავანტიურა – შავი ზღვის ფსკერზე ხელების ფათური – ზიანს არ მოუტანს რეგიონის ქვეყნებს!

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი” იუწყებოდა – ციტატი:

“ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი”.

როგორც ვხედავთ, აქცენტი კეთდება “განახლებად ენერგიაზე” ანუ მზისა და ქარის საშუალებით გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ამ მხრივ აზერბაიჯანი მაინცადამაინც წინ წაწეული ქვეყანა არ არის. გაურკვეველია, კერძოდ, რა მოცულობის ელ.ენერგია უნდა მიეწოდოს ევროპის ქვეყნებს აზერბაიჯანიდან. 

საქართველო, როგორც ყოველთვის, “კორიდორად” და “კარიბჭედ” მოიაზრება, თუმცა ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს მხრიდან გახდეს საჭირო ტრადიციული მეთოდებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც ადგილობრივი მომხმარებლისთვის ისედაც ძალზე მაღალ ტარიფებს კიდევ უფრო გაზრდის.

მდინარეების, დიდი ტბების, სრუტეების, ზღვებისა და ოკეანეების მეშვეობით ელექტროენერგიის დიდ მანძილზე გადასაცემად გამოიყენება მაღალი ძაბვის წყალქვეშა კაბელები. ასეთი კაბელის მაგალითია North Sea Link მუდმივი დენის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2021 წლის ოქტომბერში. 720 კილომეტრის სიგრძის ამ კაბელით ნორვეგიიდან დიდ ბრიტანეთში ჩრდილოეთის ზღვის წყლებით მიეწოდება 1400 მგვტ ელექტროენერგია, მუდმივი ძაბვით ± 515  kV. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი, მაღალი ძაბვის დენის კაბელებს შორის.

შავი ზღვის კაბელი კიდევ უფრო გრძელი, რამდენიმე ასეული კილომეტრით მეტი სიგრძის უნდა იყოს, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, მის რენტაბელობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ამძიმებს ეჭვს. 

გამოდის, რომ პროექტს უფრო გეო-პოლიტიკური, ვიდრე ეკონომიკური ხასიათი აქვს. ევროკავშირი ცდილობს, შავი ზღვის აუზის ქვეყნები მაქსიმალურად “მიიბას” პოლიტიკურად, ეკონომიკური პროექტების ხიბლის ქვეშ. საქართველოში უკვე აალაპარაკეს თავიანთი პროპაგანდისტები, მათ შორის, “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო”-ს თავმჯდომარე ჭუმბურიძე, რომელიც პირდაპირ აღიარებს პროექტის გეოპოლიტიკურ ხასიათს:

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ “ბიზნეს პალიტრაში“ სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული პროექტით, საქართველო ევროპისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი ხდება, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე პოლიტიკურად იქნება ევროკავშირის სივრცის ნაწილი.

ჯერ-ჯერობით, ხელი მოეწერა მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმს ზემოთ დასახელებულ ქვეყნებს შორის. ეს დასაწყისის დასაწყისია, პროექტი მხოლოდ თეორიულ ეტაპზეა. პრაქტიკაში კი საქართველომ თავისი ბიუჯეტიდან 20 მილიონი დოლარი უნდა დახარჯოს შავი ზღვის ფსკერის შესასწავლად. დიდი ალბათობით, ეს შავ ზღვაში ანუ, გადატანითი (გნებავთ, პირდაპირი) მნიშვნელობით, წყალში გადაყრილი ფული იქნება, ევროკავშირის საეჭვო გეოპოლიტიკური ინტერესების მოსამსახურებლად. 

იმედია, ევროკავშირის მორიგი გეოპოლიტიკური ავანტიურა – შავი ზღვის ფსკერზე ხელების ფათური – მეტ ზიანს არ მოუტანს რეგიონის ქვეყნებს!