სახეზე გვაქვს რეალობა, როცა კაცი დააკავეს იმის გამო, რომ შვილისგან წესიერად ქცევას მოითხოვდა და ამაზე დატუქსა

შოთა მარტინენკო – სახეზე გვაქვს რეალობა, როცა კაცი დააკავეს იმის გამო, რომ შვილისგან წესიერად ქცევას მოითხოვდა და ამაზე დატუქსა.

– “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერი, შოთა მარტინენკო, რუსთავში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

– “ანუ მამამ კონცერტზე მყოფ არასრულწლოვან შვილს ღამე დაურეკა, სახლში მალე წამოდიო, გოგომ უარი უთხრა, რაზეც მამამ დაუყვირა, ამაზე შვილმა პოლიციაში უჩივლა, თან დააბრალა, ადრე მშობელმა მცემა კიდეცო და შედეგად მამა დააკავეს.

ასეთი რამე ნებისმიერს შეიძლება დააბრალო, რომ წინა თვეში ან სამი თვის წინ ან ერთი წლის წინ მამამ ან ქმარმა მცემაო, რაც არანაირ მტკიცებულებას არ ექვემდებარება ხოლმე და უბრალოდ სიტყვაზე ენდობიან დამბრალებელს და მიდი და ამტკიცე მერე, რომ მოძალადე, მკვლელი ან ტერორისტი არ ხარ, როცა საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი კაცს აჰკიდა დასავლური მოთხოვნით განსაზღვრულმა პოლიციურმა პრაქტიკამ საქართველოში. ანუ სახეზე გვაქვს რეალობა, როცა კაცი დააკავეს იმის გამო, რომ შვილისგან წესიერად ქცევას მოითხოვდა და ამაზე დატუქსა.

რაც ნიშნავს, რომ დასავლური სტანდარტით ჩვენი ხელისუფლების მიერ დადგენილი გენდერული პოლიციური რეჟიმისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულება თანდათან მის საბოლოო, რადიკალურ ფორმაში გადაჰყავთ, როცა ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, შვილზე აღმზრდელობითი მიზნით “ფსიქოლოგიური ძალადობა”, ანუ დაყვირებაც კი დასჯადია ან ქალს შეუძლია ნებისმიერი ძალადობის ისტორია გამოიგონოს და ქმარს დააბრალოს და უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი კაცზეა. შედეგად კი შვილები და ცოლები უკვე იყენებენ და მომავალში ბევრად მასიურად გამოიყენებენ ცრუ ბრალდებებს ანგარიშსწორებისთვის, მშობლებს, უბრალოდ, ოჯახური კონფლიქტების გამო შვილებს ჩამოართმევენ, ქმრებს ციხეებში გაუშვებენ ცოლთან ჩვეულებრივი, ყოფითი უთანხმოების გამო, შვილებთან შეუძლებელი იქნება აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარება, ოჯახები მასიურად დაინგრევა და, საბოლოო ჯამში, მოიშლება ფასეულობები, რომლებიც ნორმალური ოჯახის ფორმირებისკენაა მიმართული.

ესაა რეალობა, რომელიც უკვე შემდგარი სახით არსებობს და სულ უფრო შემაშფოთებლად პროგრესირებს დასავლეთში და იგივე დღის წესრიგის დამკვიდრებას ეფექტურად ცდილობენ საქართველოშიც. და ბოლომდეც მიიყვანენ ამ საქმეს, თუ დასავლეთში ინტეგრაციის იდიოტურ იდეაზე უარს არ ვიტყვით” – ვკითხულობთ შოთა მარტინენკოს განცხადებაში.

წყარო: newposts.ge