პრეზიდენტო, შენგან მეტ ჭკუასა და სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ველით – ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“კვალი კი არა, ეს არის (პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქცია) “ქართული ოცნების“ შეგნებული მცდელობა, ურჩობის გზაზე დამდგარი პრეზიდენტი მოათვინიეროს. თუმცა თუ პრეზიდენტი კვალზე საუბრობს, მან ის კვალიც უნდა გაიხსენოს, რაც მისი არჩევის დროს შეინიშნებოდა და ძალიან მკაფიო იყო, როცა “ქართულმა ოცნებამ“ შემოვლითი გზით – ვითომ დამოუკიდებელი პრეზიდენტი სცენაზე შემოიყვანა. პერსონალურ ავტორიტეტსა და ძალაუფლებაზე მან მაშინ თქვა უარი, მაშინ შეეგუა ამას, როცა ბილბორდებიდან მისი პორტრეტები ჩამოხსნეს და თავად “ქართული ოცნების“ ლიდერები გაეკარნენ. მაშინ ვერ დაინახა საით მიდიოდა საქმე?! – ამან შეასუსტა და იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რაშიც ახლა იმყოფება! ახლა აქეთ შემოგვჩივის: – მიშველეთ, ხან იმას არ ეუბნებიან პრეზიდენტი როცა ჩამოდის, პროტოკოლის დარღვევით ხან მეპატიჟებიან, ხან არ მეპატიჟებიან, ხან მიტინგებზე მიტინგებს მიწყობენ და ასე შემდეგ. ჩვენ ეს პრეზიდენტზე უკეთ ვიცით, მაგრამ პრეზიდენტო, შენ რას აკეთებ, ეს ასე რომ არ მოხდეს?!“, – განაცხადა უსუფაშვილმა.